ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 1 მლნ 67 ათასზე მეტი ლარის დანამატების სახით გაცემა გაუმართლებელია
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 1 მილიონ 67 ათასზე მეტი ლარის დანამატების სახით გაცემას გაუმართლებლად მიიჩნევს.
„ევროპული საქართველოს” წევრი დეპუტატი ფიქრობს, რომ ხალხის ფული არა ჩინოვნიკებზე, არამედ თავად ხალხზე უნდა დაიხარჯოს.
„იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არის სიღარიბე გაზრდილი და როდესაც „ქართული ოცნების“ მიერ ჩინოვნიკებზე პრემია-დანამატების გაცემა არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი ჩვენი საზოგადოებისთვის, ნამდვილად გაუმართლებელია იგივე ქმედება პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მხრიდან. არ შეიძლება, ხალხის ფული იხარჯებოდეს ჩინოვნიკებზე და არ ხმარდებოდეს თავად ხალხის კეთილდღეობას“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა აუდიტის სამსახურის ანგარიშზე საუბრისას.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ფინანსური აუდიტის ანგარიშში ნათქვამია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2017 წელს 1,067,922 ლარის დანამატი გასცა.
ფინანსური აუდიტის ანგარიშზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ.