ზურაბ ჭიაბერაშვილი - არ არსებობს ალბათობა, გაზის ტარიფის სხვაობა სუბსიდირებით დაიფაროს
საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, არ არსებობს ალბათობა, რომ გაზის ტარიფის სხვაობა სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში სუბსიდირებით დაიფაროს.
როგორც ჟურნალისტებს ჭიაბერაშვილმა განუცხადა, გაზის ტარიფი ბევრ რეგიონში ორი წლის წინ გაიზარდა და ეს გაღარებებული მოსახლეობისთვის მძიმე ტვირთს წარმოადგენდა.
„შარშან, ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ საზოგადოებას დენის ტარიფი გაუზარდა, სამწუხაროდ, ახლაც იგივე მეორდება, როცა მაღალი ალბათობით მოსალოდნელია გაზის ტარიფის გაზრდა. ეს გაღარიბებული მოქალაქეების მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. „ქართული ოცნება“ სახელმწიფო ბიუჯეტს იმდენად უყაირათოდ ხარჯავს, რომ წარმოუდგენელია, გაზის ტარიფს სუბსიდირების სახით ბიუჯეტი შეაშველონ“, – აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნული კომისია დღეს გაზის ტარიფის პროექტზე მსჯელობს. სემეკ-ის პროექტის თანახმად, თბილისში ბუნებრივი აირის ტარიფი მცირედით დაიკლებს.