ზურაბ აზარაშვილმა ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნულ ცენტრს კოხლეარული იმპლანტები გადასცა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრს (ქევანიშვილი-ჯაფარიძის კლინიკა), კოხლეარული იმპლანტები გადასცა. ზურაბ აზარაშვილი ბენეფიციარებზე მეტყველების პროცესორის მორგება-რეგულირების პროცესს დაესწრო.
ბენეფიციართა შორის ერთ-ერთი ორი წლის ერეკლე იმედაშვილი იყო, რომელმაც წარმატებული ოპერაციის შემდგომ ბგერები პირველად აღიქვა. სახელმწიფო პროგრამა შესაბამისი საჭიროების მქონე ბენეფიციართა კოხლეარული იმპლანტით უსასყიდლოდ უზრუნველყოფას, ოპერაციასა და იმპლანტაციის შემდგომ ერთწლიან უფასო რეაბილიტაციას მოიცავს. დასავლური სტანდარტების შესაბამისი, კოხლეარული იმპლანტის კომპლექტის ღირებულება 50 000 ლარამდეა.
შესაბამისი საჭიროების მქონე ბენეფიციართა კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში 2021 წლის პირველ აპრილს ინტეგრირდა. პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის ოქტომბრიდან დღემდე, 20 ბენეფიციარი დაკმაყოფილდა. 2022 წლის განმავლობაში კი ყველა არსებული მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდება.
ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.