ზურაბ აზარაშვილმა მაღალმთიან რეგიონებში დაათვალიერა კლინიკები, სადაც დიალიზის განყოფილებები მოეწყობა
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უახლოეს მომავალში თიანეთსა და ყაზბეგში დიალიზის კაბინეტები გაიხსნება.
უწყების ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი მაღალმთიან რეგიონებში იმყოფებოდა. ზურაბ აზარაშვილმა რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა, სადაც დიალიზის განყოფილებები მოეწყობა.
„თიანეთსა და ყაზბეგში აღნიშნული სერვისის დანერგვის შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა სიცოცხლისთვის აუცილებელ მომსახურებას ადგილზე მიიღებს. დიალიზის თერაპია ხელმისაწვდომი იქნება მესტიასა და ამბროლაურშიც. თიანეთსა და ყაზბეგში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ზურაბ აზარაშვილი რეგიონული ჯანდაცვის ცენტრებში დასაქმებულ მედპერსონალსაც შეხვდა და არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო. საუბარი შეეხო სამედიცინო დაწესებულებებში არსებული სერვისების გაუმჯობესებასა და მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებას“, – აცხადებენ ჯანდაცვის უწყებაში.
მათივე ცნობით, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელი ჯაბა სირბილაძე და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი აბაიაძე იმყოფებოდნენ.