ზურაბ აზარაშვილი - სახელმწიფო ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით სრულად დააფინანსებს კოვიდინფიცირებულთა მკურნალობის ხარჯს, არ ვეთანხმები, რომ 200 პაციენტის პირობებში, 9 000 საწოლის თანხები ვიხადოთ
დღეს ვართ სამართლიან მოდელამდე, როცა ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით, სახელმწიფო იღებს უპირობო ვალდებულებას, რომ თავის მოქალაქეებს სრულად დაუფინანსოს მკურნალობის ხარჯი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტმა მას ჰკითხა: „როგორც ცნობილია, პირველი მარტიდან შეიცვალა კოვიდკლინიკების ანაზღაურების სისტემა, კლინიკები თანხას მობილიზებული საწოლების მიხედვით მიიღებენ. ანუ ფაქტობრივი ხარჯის გათვალისწინებით. ჰოსპიტალურ სექტორს კი მიაჩნია, რომ ასე სწრაფად ვერ მოხდება გადაწყობა, არამედ გონივრული ვადებია საჭირო. რა ვადა მიეცით მათ და რა სახის კომუნიკაციები იყო“.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, ჰოსპიტალურ სექტორთან კომუნიკაციის ნაკლებობა არ ყოფილა.
„პირველი მარტის შემდეგ თვე-ნახევარზე მეტი გავიდა. პირველ მარტამდე ეტაპობრივად იყო შემცირება. ვფიქრობ, დღეს ვართ სამართლიან მოდელამდე, როცა ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით, სახელმწიფო იღებს უპირობო ვალდებულებას, რომ თავის მოქალაქეებს სრულად დაუფინანსოს მკურნალობის ხარჯი. აქედან გამომდინარე, ფაქტობრივი დანახარჯებით რასაც წარმოგვიდგენენ, იმის მიხედვით ვანაზღაურებთ.
რაც შეეხება კომუნიკაციას, თითქმის ყოველდღე სამინისტროში ჩემს მოადგილეებთან მათ აქვთ კომუნიკაცია. მათთან ერთად საკმაოდ დეტალურად იხილავენ საჭიროებებს და თანადგომას, რაც შეიძლება, სახელმწიფომ გამოიჩინოს. ხოლო როგორი უნდა იყოს სამედიცინო კლინიკების მოწყობა, მათი ბიზნესმოდელი, იქნება ეს მომგებიანი, პაციენტებზე დამოკიდებული, კომერციული თუ მთლიანად სახელმწიფოზე მიბმული და სახელმწიფო დააფინანსებს, ეს მათი გადასაწყვეტია. იმ ფასს გადავიხდით, რაც იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი და იქნება ხარისხიან მომსახურებაზე დამყარებული. სახელმწიფო კლინიკების შემთხვევაშიც იგივე პრობლემების წინაშე დავდექით. იქაც პაციენტების ნაკლებობაა და ასევე ვფიქრობთ, როგორი უნდა იყოს მათი მოწყობა, მოდელი.
პანდემიის პერიოდში ჩვენ ერთ მილიარდ ლარზე მეტი დაფინანსება გავწიეთ ამ სექტორის მიმართ. ეს არის თანხა და მარჟები, რომელიც ჩვენი აზრით, პანდემიის პერიოდში და პანდემიის შემდგომაც საკმარისია, რომ სწორი მიმართულება, სწორი ბიზნესმოდელი აირჩიოს კერძო სექტორმა. ასევე სახელმწიფო კლინიკებშიც იგივე პრობლემა გვაქვს. საბედნიეროდ, დღეს მაგალითად, ქვეყნის მასშტაბით სულ 200-მდე კოვიდინფიცრებული მკურნალობს. არ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ 9 000 საწოლი იყო მობილიზებული და 200 პაციენტის პირობებში, ჩვენ 9 000 საწოლის თანხები ვიხადოთ. მთელ პანდემიას თუ გადავხედავთ, იცით, რომ გარანტირებულად, საშუალოდ 60-პროცენტიანი დატვირთულობის მიუხედავად, 100 პროცნტით უნაზღაურდებოდათ. აქედან გამომდინარე, ვერ დაგეთანხმებით, რომ რამე არასამართლიანად და არასწორი მიდგომა მოხდა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
კიდევ ერთ შეკითხვაზე: „სინამდვილეა თუ არა ინფორმაცია, რომ საყოველთაო ჯანდაცვაში მონაწილე ყველა კლინიკას ვალდებულება აქვს, კოვიდინფიცირებული მიიღოს მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას საკმარისი რესურსი“, აზარაშვილის განცხადებით, არსებობს დადგენილებაში ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, პანდემიის დროს ყველა სამედიცნო დაწესებულება ვალდებულია, გვერდით დაუდგეს ქვეყანას.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში მომსახურების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.
„ორწლიანი გამოცდილებით საკმაოდ ბევრი ხარვეზი და პრობლემა დავინახეთ. აქედან გამომდინარე იყო ის ჩანაწერი, რაც გაკეთდა. ჩანაწერის მიხედვით, როდესაც მსოფლიოში გამოცხადდება პანდემია, შესაბამისად ქვეყანაში, ყველა სამედიცინო დაწესებულება, ისევე როგორც ომის დროს, ვალდებულია, გვერდით დაუდგეს ქვეყანას, ქვეყნის ნებისმიერ თანამოქალაქეს. მათი პასუხისმგებლობაცაა, როდესაც მივა პაციენტი, უმკურნალონ. იმ ჩანაწერში სხვა არაფერი არ არის. სამწუხაროდ, ყოფილა შემთხვევა, როდესაც მიდიოდა პაციენტი და ზოგიერთი დაწესებულება უარს ეუბნებოდა. დადგენილების მიხედვით, პანდემია როცა გამოცხადდება ქვეყანაში, ვალდებული არიან, პაციენტებს მოემსახურონ, ხოლო სახელმწიფო დაფარავს ამ ხარჯებს, რა არის აქ გაუგებარი“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.