ზურაბ აზარაშვილი - ქვეყნის მასშტაბით, 300-ზე მეტი სასწრაფო და 22 რეანიმობილი მუშაობს, არსებული რეანიმობილების რაოდენობა, დაფარვის ზონა და რეაგირების დრო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია
2023 წელს მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებით. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი განახლდა, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული 105 ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანით. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი 15 ერთეული რეანიმობილი შეიძინა, რომელთა გადაცემაც გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ეტაპობრივად დაიწყო, – აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ქვეყნის მასშტაბით 300-ზე მეტი სასწრაფო და 22 რეფერალური დახმარების ბრიგადა (რეანიმობილი) მუშაობს. აზარაშვილის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით არსებული რეანიმობილების რაოდენობა, დაფარვის ზონა და, შესაბამისად, რეაგირების დრო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია.
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესების, გადაუდებელ შემთხვევებზე ეფექტური რეაგირებისა და მომსახურებით მთელი ქვეყნის მოცვის მიზნით ავტოპარკის განახლება მუდმივ რეჟიმში გრძელდება.
მისივე თქმით, დასრულდა 25 რაიონული სამსახურის შენობის რეაბილიტაცია/მშენებლობა.
„2023 წლის პირველი იანვრიდან გადაუდებელი დახმარების ყველა თანამშრომელს, როგორც ყველა საჯარო მოხელეს, სახელფასო ანაზღაურება 10%-ით გაეზარდათ. თუმცა 2023 წლის ოქტომბრიდან დამატებით კიდევ 10%-ით გავუზარდეთ ხელფასი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრებსა და ცენტრალური სადისპეტჩეროს თანამშრომლებს. შესაბამისად, მიმდინარე წლის იანვრიდანაც კიდევ დამატებით 10%-ით ზრდა შეეხო 4000-მდე თანამშრომელს“, – განახადა ზურაბ აზარაშვილმა.