საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიაში იმყოფება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ზურაბ აზარაშვილი, ჟენევაში, მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეის გახსნას დაესწრო.
„რიგით 75-ე ასამბლეის მთავარი თემაა – „ჯანმრთელობა მშვიდობისთვის, მშვიდობა ჯანმრთელობისთვის“. ჯანდაცვის მინისტრი ასამბლეაზე სიტყვითაც წარდგება. ზურაბ აზარაშვილთან ერთად ჟენევაში იმყოფება მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს შეხვდა. მინისტრმა ჰანს კლუგეს „ჯანმო“-ს მხრიდან საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების კუთხით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დახმარებასა და მათი ექსპერტების ჩართულობას“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.