ზურაბ აზარაშვილი - მომდევნო ორი წლის განმავლობაში 13 000 დევნილ ოჯახს ბინებით სრულად დავაკმაყოფილებთ
ზურაბ აზარაშვილი - მომდევნო ორი წლის განმავლობაში 13 000 დევნილ ოჯახს ბინებით სრულად დავაკმაყოფილებთ

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით 2 400 ბინის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობასთან დაკავშირებით, კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა.

შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა და პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ანაგის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გოგოლიშვილმა ჩადეს.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, თვალჭრელიძის ქუჩაზე, ჯამში, 11 თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსი შენდება და იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს სრულად გარემონტებული ბინები 2025 წლის ბოლოს გადაეცემათ. მისივე თქმით, მშენებლობის ბიუჯეტი 243 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

„ეს არის იმ დაპირების ნაწილი, რომელიც წინა წელს ჩვენმა ხელისუფლებამ აიღო დევნილი მოსახლეობის მიმართ და 13 000 დევნილ ოჯახს, რომელიც ყველაზე უფრო მძიმე და გაუსაძლის პირობებში დროებით დღეს ცხოვრობს, გადაეცემა საცხოვრებელი. მომდევნო ორი წლის განმავლობაში მათ სრულად დავაკმაყოფილებთ.

აქვე, მნიშვნელოვანია ის, რომ გასულ წელს იყო პირველი რეკორდული წელი დევნილებისთვის ბინების გადაცემის თვალსაზრისით, 3 500-ზე მეტი ბინა და საცხოვრებელი სახლი გადავეცით დევნილებს. ბოლო 30 წლის განმავლობაში იყო პირველი წელი, როდესაც ასეთი შედეგი დაფიქსირდა. რასაკვირველია, ასეთი მასშტაბებიდან გამომდინარე, მიმდინარე მშენებლობებიდან და ტემპიდან გამომდინარე, რაც გვაქვს, მომდევნო წლები კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დევნილთა განსახლების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროგრამა დაიწყო. 2025 წლის ბოლომდე ახალი საცხოვრებელი იძულებით გადაადგილებულ 13 000 ოჯახს გადაეცემა. 7 000-მდე ოჯახი ბინებს ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებს, 6 000 ოჯახი კი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება.

ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.