ზურაბ აზარაშვილი - ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების ბენეფიტი 100 ლარიდან 150 ლარამდე, მომდევნო წლიდან კი 200 ლარამდე გაიზრდება
2022 წლის ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების ბენეფიტი 100 ლარიდან 150 ლარამდე, მომდევნო წლიდან კი 200 ლარამდე გაიზრდება. შესაბამისად, 220 000-მდე ბენეფიციარი უკვე მომატებული დახმარებას მიიღებს, – ამის შესახებ განცხადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, 120 000-მდე გაიზარდა საარსებო შემწეობის მისაღები სარეიტინგო ქულა, შესაბამისად, გაიზარდა ამ დახმარების მიმღებთა რაოდენობაც.
„ვფიქრობთ, ეს ნაბიჯები მნიშვნელოვნად შეამცირებს ბავშვთა უკიდურეს სიღარიბეს. ბუნებრივია, ჩვენი გადაწყვეტილებები მიმართულია ერთის მხრივ, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის პანდემიით მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად და მეორეს მხრივ, სოციალურად დაუცველი ოჯახების შრომისუნარიანი წევრების შრომის ბაზარზე ეკონომიკური გააქტიურებისთვის“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ზურაბ აზარაშვილმა სოციალურად დაუცველთა ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში Сovid-19-ის გავრცელებიდან გამომდინარე, 2020 წლიდან ძალაში შევიდა მორატორიუმი, რომლის ფარგლებშიც, არ ხორციელდებოდა სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება და ხელახალი შეფასება. შესაბამისად, ოჯახებს შეუნარჩუნდათ სარეიტინგო ქულა და უწყვეტად უგრძელდებათ სოციალური დახმარების გაცემა.
„ამ პერიოდის განმავლობაში, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამას, ეტაპობრივად, ემატება ახალი ოჯახები და ოჯახების გადინება სისტემიდან შეჩერებულია, რაც იწვევს საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდას. აპრილის მდგომარეობით, საარსებო შემწეობის მიმღებია, დაახლოებით, 650 ათასი პირი“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.