ზურაბ აზარაშვილი - ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს
ზურაბ აზარაშვილი - ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.

ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

აზარაშვილის თქმით, აქამდე ოპერაცია ნაწილობრივ ფინანსდებოდა, ამიერიდან კი, სრულად დაფინანსდება როგორც დიაგნოსტიკის, ასევე ოპერაციის ხარჯები.

„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ მთავრობის სხდომაზე. ერთ-ერთი საკითხი ეხება ორგანოთა ტრანსპლანტაციის ბიუჯეტში ცვლილებებს. მნიშვნელოვანია, რომ, ღვიძლის გადანერგვის შემთხვევაში, 120 000-ლარიან ოპერაციას სახელმწიფო აფინანსებდა მხოლოდ 70 000 ლარით. ეს ხშირ შემთხვევაში ისეთ სეგმენტს ეხება, სადაც რთულია დარჩენილი 50 ათასი ლარის მობილიზება და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად დავაფინანსოთ ოპერაციის ხარჯები, როგორც დიაგნოსტიკასთან, ისე ოპერაციასთან დაკავშირებული. ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში 120 ათას ლარს დღეიდან სრულად დაფარავს სახელმწიფო“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.