ზურაბ აზარაშვილი - დღეს ქართული სახელმწიფო, პენიტენციური სისტემა ზრუნავს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე და უფლებების დაცვაზე
დღეს ქართული სახელმწიფო, პენიტენციური სისტემა ზრუნავს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობასა და უფლებების დაცვაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განუცხადა.
როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს პატიმრების მიმართ არ იყო ასეთი დამოკიდებულება და იყო რადიკალურად განსხვავებული სურათი.
„დღეს სახელმწიფოს აქვს უნარი, იზრუნოს ნებისმიერ პაციენტზე და თუ საჭიროებაა, უზრუნველყოს სამედიცინო მომსახურებით, ასევე იმ პირობებითა და ინფრასტრუქტურით, რაც მნიშვნელოვანია პატიმრებისთვის“, – განაცხადა აზარაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ამის შესაძლებლობა აქვს და, შესაბამისი ნიმუშების ჩაბარების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ექსპერტიზის ჩატარება.
„გიპასუხებთ ზოგადად, როგორც მოქალაქის პოზიციიდან, რადგან ჩვენ არანაირად არ ვართ ამ პროცესში ჩართული. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს აქვს ამის შესაძლებლობა და იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ნიმუშები იქნება მიცემული, ამის ჩატარებას შეძლებენ“, – აღნიშნა აზარაშვილმა.