ზურაბ აზარაშვილი - დაიწყო დევნილთა განსახლების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტი, 13 000-მდე დევნილ ოჯახს ახალი საცხოვრებელი გადაეცემა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დევნილთა განსახლების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ახალი საცხოვრებელი იძულებით გადაადგილებულ 13 000-მდე ოჯახს გადაეცემა, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში, სიტყვით გამოსვლისას.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლება და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება სამინისტროსთვის პრიორიტეტულ მიმართულებაა.
„2012 წლიდან დღემდე, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, ახალი საცხოვრებელი 27 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა. განხორციელებული სამუშაოების მიუხედავად, გამოწვევა ჯერ კიდევ დიდია. სწორედ ამიტომ, კიდევ უფრო აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას, დევნილებისთვის უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნის მიზნით“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
მინისტრის თქმით, დევნილთა განსახლების პროცესი რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს, რათა თითოეული ოჯახის საჭიროებები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. 2022 წელს, განსახლების სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი უკვე მიიღო 1302-მა დევნილმა ოჯახმა, ხოლო წლის ბოლომდე დამატებით, 1 000-მდე ბინა განაწილდება და 1 000-ზე მეტი ოჯახი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება.
სამინისტროს მიერ გაცემული დაპირების შესაბამისად, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა უკვე გადაეცა სანატორიუმ „ქართლში“ უმძიმეს პირობებში მცხოვრებ დევნილი ოჯახების უდიდეს ნაწილს, დარჩენილი ოჯახების განსახლება კი წლის ბოლომდე მოხდება, რითაც წლების განმავლობაში არსებული პრობლემა სრულად გადაიჭრება. მინისტრის თქმით, დღეისათვის, აქ 50 ოჯახია დასაკმაყოფილებელი.
„დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარე წელს სამშენებლო სამუშაოები დაიწყება თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავსა და ბორჯომში, რაც მიზნად ისახავს დევნილთა განსახლების პროცესის კიდევ უფრო დაჩქარებას და თავისი მასშტაბით უპრეცედენტოა. ჯამში, მომდევნო წლებში 7 000-მდე ოჯახს, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა, 6 000-მდე ოჯახი კი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება. ორივე პროგრამის ბიუჯეტი, ჯამში, დაახლოებით, 900 მილიონი ლარი იქნება“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.