ზურაბ აზარაშვილი - ჩვენი მიზანია, იმ სერვისში, რასაც ჩვენ ვაფინანსებთ, კლინიკებმა მოქალაქეებს ხარისხიანი მომსახურება გაუწიონ და ფასიც ადეკვატური, სამართლიანი იყოს
ზურაბ აზარაშვილი - ჩვენი მიზანია, იმ სერვისში, რასაც ჩვენ ვაფინანსებთ, კლინიკებმა მოქალაქეებს ხარისხიანი მომსახურება გაუწიონ და ფასიც ადეკვატური, სამართლიანი იყოს

ჩვენი მიზანი არის ის, რომ იმ სერვისში, რასაც ჩვენ ვაფინანსებთ, კლინიკებმა მოქალაქეებს ხარისხიანი მომსახურება გაუწიონ და ფასიც ადეკვატური, სამართლიანი იყოს, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„მეორე მხრივ, ეს ეკონომიკას და ბიზნესს ეხმარება, რადგან ასეთი მომსახურების შემთხვევაში, კლინიკებს გარანტირებულად ჰყავთ პაციენტები და იღებენ შესაბამის შემოსავალს. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა კლინიკა ამ სისტემაში არეგისტრირებს სხვადასხვა ტიპის სამედიცინო სერვისებს თუ მომსახურებებს და ფასები რადიკალურად განსხვავებულია. ერთი და იგივე ტიპის სამედიცინო მომსახურებაზე საშუალო ფასი შეიძლება, იყოს 3 000 ლარი, მაგრამ რომელიღაც კლინიკას შეიძლება, ჰქონდეს 13 000 ლარი, რომელიღაცას 7 000 და აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს უწევს ამ არაკეთილსინდისიერებასთან ბრძოლა“, – განაცხადა აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ზუსტად აქედან გამომდინარეა ე.წ დიარჯის (DRG) სისტემა, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო ნერგავს, რათა ჯანდაცვის კუთხით სხვადასხვა მომსახურებაზე სამართლიანი ფასები დაადგინოს.

„ჩვენ საპილოტე რეჟიმში გავუშვით ე.წ. დიარჯის სისტემა, რომელიც მთელ მსოფლიოშია აპრობირებული. ეს სისტემა ბაზარზე არსებული კლინიკების ფასიდან სხვადასხვა მომსახურებაზე თუ სერვისზე სამართლიან ფასს თვლის და ამ სამართლიანი ფასით სახელმწიფო ახდენს ანაზღაურებას. ეს სისტემა დღეისთვის უკვე პირველი აპრილიდან დაიწყო, არის სატესტო რეჟიმში, რამდენიმე თვე დავაკვირდებით და მერე სრულად დავნერგავთ. ამ სისტემის მიხედვით, ჩვენი ჩარევის გარეშე გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც ჩვენ გადავიხდით ჩვენი მოქალაქეების მკურნალობისთვის“, – განაცხადა აზარაშვილმა.

ზურაბ აზარაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სხვადასხვა სერვისის დამატებას განიხილავს.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გარდა, ჩვენ გვაქვს რეფერალის პროგრამა, რაც იმ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არ შედის და ასე ვთქვათ, გამონაკლისების სახით რეფერალის პროგრამით ფინანსდება. ვნახეთ, რა იყო ყველაზე ხშირად მოთხოვნადი და რისი დაფინანსება შეეძლოს სახელმწიფოს. ჩვენ ისედაც ვაფინანსებთ ამ სერვისებს, ოღონდ რეფერალით და იქ სხვა პროცედურებია გასავლელი. როცა ეს საყოველთაო ჯანდაცვაში იქნება, უფრო მარტივი პროცედურებით, უფრო ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის. გადავარჩიეთ რამდენიმე ისეთი სამედიცინო სერვისი, რაც შეიძლება, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩავამატოთ. ეს სერვისები ეხება სხვადასხვა ტიპის დაავადებას. იქ არის სიმსივნესთან დაკავშირებული სერვისების ნაწილი, რასაც არ ვფარავდით და განვიხილავთ. არის ზრდასრულთა და ბავშვთა რეაბილიტაცია, ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია და არის სხვა ძალიან ბევრი, რასაც ვიხილავთ. რეფერალის პროგრამიდან ისედაც ვხარჯავდით და ახლა ვიხილავთ საყოველთაო ჯანდაცვაში გადმოტანას. მერე უკვე მოქალაქეს არ ექნება მოლოდინი, რომ რეფერალში განაცხადს რომ დაწერს, დაუკმაყოფილებენ თუ არა. ეცოდინება, საყოველთაო ჯანდაცვა რას ფარავს და ეს სერვისები რაც შეიძლება, მეტი უნდა იყოს“, – განაცხადა აზარაშვილმა.