ზურაბ აზარაშვილი - ასზე მეტ კოვიდკლინიკაში სამედიცინო პერსონალს დანამატს უხდიდა სახელმწიფო, თუ სადმე დანამატები არ აუღიათ, მოგვმართონ, რაზეც მკაცრი რეაგირება გვექნება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ასზე მეტ კოვიდკლინიკაში სამედიცინო პერსონალს სახელმწიფო უხდიდა დანამატს. მისივე თქმით, შრომის ინსპექციის მოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ კლინიკების გარკვეულ ნაწილში სამედიცინო პერსონალს ეს დანამატები არ აუღია.
საქართველოს პირველი არხის ეთერში ყოფნისას, ზურაბ აზარაშვილმა მოუწოდა მედპერსონალს, თუ რომელიმე კლინიკაში არსებობს მსგავსი ფაქტი და ეს კლინიკა შემოწმების მიღმა დარჩა, აუცილებლად მიმართონ ჯანდაცვის უწყებას.
„დანამატებს რაც შეხება, ასზე მეტი კოვიდკლინიკა იყო ქვეყანაში და ყველა ამ კლინიკაში დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს ხელფასების გარდა, რომლებსაც კლინიკები უხდიდნენ, დანამატს უხდიდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. რამდენიმე თვის წინ, როდესაც პირველად დავიწყეთ მოკვლევა, საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო ისეთი კლინიკები, სადაც სამედიცინო პერსონალს არ აუღია დანამატები, რომლებიც სახელმწიფომ გასცა. შრომის ინსპექციის აქტიური ჩართულობით, ეს მინიმუმამდეა დაყვანილი. ასევე, ვთხოვ და მოვუწოდებ სამედიცინო პერსონალს, თუ სადმე რამე მსგავსი ფაქტია და ჩვენი შემოწმების მიღმა დარჩა, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მოგვმართონ და ძალიან ოპერატიული, მკაცრი რეაგირება გვექნება.
სამწუხაროდ, რამდენიმე კლინიკის შემთხვევაში არის ისეთი ფაქტი, რომ სასამართლოში აპროტესტებენ დანამატების თავიანთი პერსონალისთვის არგადახდას. ჩემი აზრით, ბუნდოვანი, გაურკვეველი და არასერიოზულია, როცა კონკრეტულად, მიზნობრივად ირიცხებოდა თანხები პერსონალისთვის მისაცემად და ახლა სამინისტროს უჩივიან, რომ თურმე თანხები სხვა რაღაცისთვის გამოიყენეს და არ ეყოთ, პერსონალისთვის მიეცათ. არ ვიცი, სახელმწიფო, სამინისტრო რა შუაშია. ჩემთვის წარმოუდგენელია, რა არგუმენტაციას წარუდგენენ სასამართლოს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.