ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ ვაკის პარკში ტრაგიკული შემთხვევის დროს დაშავებულმა ბავშვებმა შესაძლოა, კლინიკები მალე დატოვონ
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ ვაკის პარკში ტრაგიკული შემთხვევის დროს დაშავებულმა ბავშვებმა შესაძლოა, კლინიკები მალე დატოვონ.
ზურაბ აზარაშვილი „ნიუს ჰოსპიტალსში“ იმყოფებოდა, სადაც დაშავებული ბავშვი მოინახულა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა გუშინ.
„ვუსამძიმრებ პატარა ანგელოზის ოჯახს და სრულიად საქართველოს. რაც შეეხება ლაზარეს მდგომარეობას, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია გუშინდელის შემდეგ. ძალიან დიდი იმედებით გამოვედი კლინიკიდან. დიდხანს ვისაუბრე ექიმთან, რეანიმატოლოგთან, ასევე ოჯახის წევრებსაც ვესაუბრე. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ის დატოვებს კლინიკას. ჩვენი მხრიდან რაც არის საჭირო, ყველაფრისთვის მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ.
რაც შეეხება მესამე ბავშვს ანდრიას, ის შეიძლება, ერთი საათის განმავლობაში გაეწეროს იაშვილის კლინიკიდან და თავს კარგად გრძნობს“, – განაცხადა აზარაშვილმა.
რაც შეეხება დაშავებული ბავშვის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას, მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა საჭირო მკურნალობა ადგილზე ტარდება.
„ამ საკითხის განხილვაც მოხდა, მაგრამ ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არის. თუმცა ჩვენგან სრული მზადყოფნა იყო გუშინაც და დღესაც. ყველა საჭირო მკურნალობა ადგილზე უტარდება და მნიშვნელოვანი გაუმჯობესებებია“, – განაცხადა აზარაშვილმა.
მისივე თქმით, გუშინ ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა და ამაზე პასუხისმგებლობასა თავადაც გრძნობს.
„პასუხისმგებლობას ამაზე მეც ვგრძნობ. ასეთ ფაქტი არ უნდა მომხდარიყო. ძალიან დამძიმებული ვარ ემოციურად, შიგნით ვიყავი და ბავშვიც ვნახე. მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული ბავშვის მდგომარეობა და ვფიქრობ, ერთი საათის განმავლობაში თავად ექიმი გააკეთებს კომენტარს და იქიდან გაიგებთ ყველა სხვა დეტალს“, – განაცხადა აზარაშვილმა.