ზურაბ აზარაშვილი - 2023 წელს დავიწყეთ 100-მდე სოფლის ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რაც უწყვეტად გრძელდება
ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება.
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს სოფლის ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი. პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში ინერგება ტელემედიცინის სერვისები.
„ჩავატარეთ 1000-ზე მეტი სოფლის ამბულატორიის ინფრასტრუქტურული მდგომარეობის ანალიზი. 2023 წელს, დავიწყეთ 100-მდე ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რაც ყოველწლიურად უწყვეტად გრძელდება. გრძელდება სოფლად პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში ინოვაციური ტექნოლოგიების, კერძოდ ტელემედიცინის დანერგვა, რითაც უკვე 2500-მდე სოფლად მცხოვრებ ადამიანს ჩაუტარდა სპეციალისტის კონსულტაცია“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.