ზურაბ ადეიშვილმა ბუნდესტაგის შემდეგ შეხვედრები ევროკომისიაშიც გამართა
ზურაბ ადეიშვილმა ბუნდესტაგის შემდეგ შეხვედრები ევროკომისიაშიც გამართა

ზურაბ ადეიშვილმა ბუნდესტაგის შემდეგ, უკრაინის გენერალურ პროკურორთან, ანდრეი კოსტინთან ერთად ბრიუსელში, ევროკომისიაში გამართა შეხვედრები.  როგორც კოსტინი სოციალურ ქსელში 4 მარტით დათარიღებულ პოსტში წერს, მათ შეხვედრა ჰქონდათ იუსტიციის საკითხებში ევროკომისარ დიდიე რეინდერსთან.

უკრაინის გენერალური პროკურორის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს სამხედრო დამნაშავეების, ასევე კორუფციულ დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის საკითხები.

„ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს თანამშრომლობას ორმხრივი სამართლებრივი დახმარებისა და ექსტრადირების კუთხით“, – აღნიშნავს კოსტინი.

ასევე, შეხვედრაზე განიხილებოდა რუსეთისა წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება და უკრაინის სამართალდამცავი სისტემის რეფორმის გაგრძელება.

ზურაბ ადეიშვილი ასევე მონაწილეობდა შეხვედრებში, რომელიც უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში, ასევე ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ვერა იუროვასთან და ევროკომისიის სხვა წარმომადგენლებთან გამართა.