ზურაბ ადეიშვილისა და დავით ჭაკუას საქმეზე ერთ-ერთი დაზარალებული დაიკითხა
ზურაბ ადეიშვილისა და დავით ჭაკუას საქმეზე ერთ-ერთი დაზარალებული დაიკითხა

ყოფილი ხელისუფლების მაღაჩინოსნების, ზურაბ ადეიშვილისა და დავით ჭაკუას სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი დაზარალებული, ედემ წოწორია სასამართლოში დაიკითხა. წოწორია დღეს სასჯელს სხვა საქმისთვის იხდის.

როგორც დაზარალებულმა სასამართლოს განუცხადა, 2012 წლის 18 სექტემბერს, N8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა.

წოწორიამ პროცესზე ციხის თანამშრომლები „ბასტი“ და „ბუბუდ“ ცნობილი პირები დაასახელა, ასევე იმ პირების დასჯაც მოითხოვა, ვინც მისი ცემის ბრძანება გასცა.

„37-ე საკანში ვიხდიდი სასჯელს. ღამის 03:30 საათი იყო, ყველას გვეძინა. საკანში ოფიცერი შემოვიდა და ჩემთან ერთად საკანში მყოფ თურქს უთხრა წამოდიო. მერე მეც მითხრა მოემზადეო. 10-15 წუთში უკან შემოვიდნენ ციხის თანამშრომლები „ბასტი“, „ბუბუ“ და კიდევ ერთი ოფიცერი. საკანში ვიყავით მე და სომეხი ეროვნების პატიმარი. გაიხადეო მითხრეს, მეგონა „შმონს“ აკეთებდნენ. გავიხადე მთლიანად. მერე მითხრეს მუხლებზე დადექიო, მეც ჩავიკუზე. „ბასტი“ ფეხით მცემდა და მეუბნებოდა, შეაგინე ქურდებსო, რეზინის ჯოხით მირტყამდა. მირტყამდნენ ასევე ფეხსაცმლის ქუსლით ზურგზე, ის ოფიცერი ყვიროდა სიგარეტს მოუკიდეთ და დაწვითო. გულში დამარტყა ფეხის ქუსლი და მაშინ გავხდი ცუდად. აიღო ჯოხი და მომიტანა პირთან, დამარტყა. ვკითხე, რატო მცემთ, რა დაგიშავეთ, ოპერაცია მაქვს თავის გაკეთებული მეომარი კაცი ვარ მეთქი, მაგრამ უარესად მცემეს”,- განაცხადა მოწმემ.

ამ ეპიზოდზე დავით ჭაკუასა და ზურაბ ადეიშვილს მთავარი საგამოძიებო უწყება პატიმრების წამებას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციასა და უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.