ზურაბ ადეიშვილისა და დავით ჭაკუას საქმეზე ციხის ყოფილი თანამშრომელი იკითხება
ზურაბ ადეიშვილისა და დავით ჭაკუას საქმეზე ციხის ყოფილი თანამშრომელი იკითხება

იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დავით ჭაკუას სისხლის სამართლის საქმეზე​ სასამართლოში მოწმე, ციხის ყოფილი თანამშრომელი ზედმეტსახელად „ბუბუ“ იკითხება.

როგორც მოწმემ აღნიშნა, ციხის ადმინისტრაცია მისგან მოითხოვდა, დაებრალებინა პატიმრების წამება და ეთქვა, რომ ეს ყველაფერი ოპოზიციის, კოალიცია „ქართული ოცნების“ დაკვეთით ხდებოდა.

„2012 წლის 18 სექტემბერს კაბინეტში დამიბარეს, სადაც სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე და ციხის კონტროლიორი ბორის ფარულავა დამხვდნენ. ფურცხვანიძემ მე და ჩემ თანამშრომელს, ბორის ფარულავას მეტსახელად “ბასტის” ​გვითხრა წამომყევითო.

შევედით 37-ე საკანში. კამერაში ორი პატიმარი იყო. ლევან ფურცხვანიძემ გვითხრა, შეამოწმეთ კამერაო, პატიმრებს აგინებდა. შევამოწმეთ კამერა, არაფერი იყო. მერე ტანსაცმელი გაიხადეს, შევამოწმეთ. შემდეგ მუხლებზე დადგნენ პატიმრები და ფურცხვანიძემ ქურდებს შეაგინეთო, მერე გვითხრა სიგარეტს მოუკიდეთ და ტანზე ჩააწვითო, ეს არ გავაკეთეთ. პატიმრები ვცემეთ. ცემა ჩვეული ამბავი იყო და ამიტომ შევასრულეთ მისი დავალება“,- განაცხადა მოწმემ.

ამასთან, მისივე თქმით, იმავე დღეს ციხის დირექტორმა დავით ჭაკუამ სათათბირო ოთახში „ბასტისთან“ ერთად დაიბარა და ოთახში ჩაკეტა.

„ოთახში ჩაგვკეტეს, მიზეზი არ გვითხრეს. იქ დაგვხვდნენ გაგა მკურნალიძე და დავით ხუჭუა. შემეკითხნენ რატო იღებდით ასეთ რაღაცებსო, ოპოზიციის დაკვეთა არის თუ რატომო. მე ვუთხარი არაფერი ვიცითქო, ამაზე მაგინეს და ცუდად მომექცნენ. შემდეგ მოვიდნენ პილიციელები და დამაკავეს, გადამიყვანეს დიღმის სამმართველოში. არ ვიცოდი თუ ფურცხვანიძე იღებდა ამ კადრებს. სამმართველოშიც მეუბნებოდნენ რატომ იღებდითო. მთხოვდნენ მეღიარებინა, რომ ბედუკაძესთან და ფარულავასთან ერთად ვიღებდი ამ კადრებს. მაყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ვეღარ გავუძელი და ვაღიარე”,- განაცხადა მოწმემ.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ზურაბ ადეიშვილსა და დავით ჭაკუას პატიმრების წამების ინსცენირებას, დანაშაულის პროვოცირებას და მტკიცებულებათა ფალსიფიცირებას ედავება.