ზურაბ ადეიშვილის საქმეზე საქალაქო სასამართლოში დღეს სპეცრაზმელები დაიკითხებიან
ზურაბ ადეიშვილის საქმეზე საქალაქო სასამართლოში დღეს სპეცრაზმელები დაიკითხებიან.
იუსტიციის ყოფილ მინისტრსა და ყოფილ მთავარ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.
ადეიშვილის ადვოკატის განცხადებით, ის მოწმეები, რომლებიც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოზე დაიკითხნენ, ზურაბ ადეიშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაციას არ ფლობენ.
დავით კაკოიშვილის განმარტებით, ერთადერთი მოწმე, რომელმაც ზურაბ ადეიშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით ისაუბრა, დავით ქარსელაძეა. ადვოკატი ფიქრობს, რომ ქარსელაძე პროკურატურას გაურიგდა. დავით კაკოიშვილის თქმით, იმ მტკიცებულებით, რომელიც სასამართლოს გააჩნია, ზურაბ ადეიშვილის ბრალეულობა არ დასტურდება, თუმცა ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ სასამართლომ ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს.
„დაიკითხებიან სპეცრაზმელები. ასევე, სხვა სპეცრაზმელები უკვე დაკითხულები არიან სასამართლოს წინაშე. ჩვენ არ ველით, რომ ეს სპეცრაზმელები სასამართლოს მიაწვდიან დამატებით ინფორმაციას ზურაბ ადეიშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით. არც ერთ სპეცრაზმელს ბუნებრივია არ აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ზურაბ ადეიშვილი რაიმე ფორმით შემხებლობაში იყო ამ საქმესთან. პირიქით, ისინი ვერანაირ ინფორმაციას სასამართლოს ვერ აწვდიან ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით არც ერთი მოწმე ზურაბ ადეიშვილის შესახებ არ საუბრობს. მათ არ აქვთ ინფორმაცია, გარდა დავით ქარსელაძისა, რომელიც პროკურატურასთან გარიგებული მოწმეა. იმის სანაცვლოდ, რომ ზურაბ ადეიშვილი დაედანაშაულებინა და მიეცა ცრუ ჩვენება, მას გაურიგდა პროკურატურა. მთლიანი საქმის შინაარსი აგებულია ამ ჩვენებაზე. ეს არის დავით ქარსელაძის მიკერძოებული, არაობიექტური და ცრუ ჩვენება. გარემოებების გათვალისწინებით, რა სიტუაციაც გვაქვს სასამართლოში, არაფერს გამოვრიცხავთ, თუმცა კანონმდებლობის მიხედვით, იმისათვის, რომ პირი მიეცეს პასუხისგებაში, აუცილებელია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს ბრალეულობას. ამ შემთხვევაში, მტკიცებულებათა ერთობლიობაზე საუბარი ზედმეტია. ობიექტური სასამართლოს პირობებში, ბუნებრივია, გარდაუვალია ზურაბ ადეიშვილის გამართლება, თუმცა გარკვეული ეჭვები არსებობს სასამართლოებთან დაკავშირებით და ეს მარტო ჩვენი მოსაზრება არ არის, ეს არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებაცაა სასამართლოსთან დაკავშირებით“, -განაცხადა დავით კაკოიშვილმა.
საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ყოფილი მთავარი პროკურორი ზურაბ ადეიშვილი პროკურატურამ 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს კობა დავითაშვილის ცემისა და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.