ზურაბ ადეიშვილი უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად ჰააგაში შეხვედრებს მართავს
უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველი ზურაბ ადეიშვილი ჰააგაში იმყოფება, სადაც შეხვედრებში მონაწილეობს.
უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობს გენერალური პროკურორი ანდრეი კოსტინი, რომელიც აღნიშნული ვიზიტის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც კოსტინი აღნიშნავს, ჰააგაში ვიზიტი მან ინგლისისა და უელსის გენერალურ პროკურორ ვიქტორია პრეტისთან, ასევე ნიდერლანდებში ბრიტანეთის ელჩთან, ჯოანა როპერთან და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ჰეიზელ ქემერონთან შეხვედრით დაიწყო.
„უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ირინა მუდრასთან ერთად, ჩვენ განვიხილეთ რუსეთის საერთაშორისო დანაშაულებზე საყოველთაო პასუხისმგებლობის ქსელის განვითარებისკენ მიმართული თანამშრომლობის გაძლიერების გზები“, – წერს კოსტინი.
საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი საქართველოში რამდენიმე საქმეზეა ბრალდებული, რამდენიმეზე კი – მსჯავრდებული.