ზურაბ აბაშიძე - დროებითი შეზღუდვა არ გავრცელდება რუსეთისა და საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც გამოთქვამენ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების სურვილს
კორონავირუსის საფრთხის გამო ორ ქვეყანას შორის გადაადგილებაზე დროებითი შეზღუდვა არ გავრცელდება რუსეთისა და საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც გამოთქვამენ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების სურვილს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ჯერ უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება შეზღუდვა.
„პრემიერ-მინისტრის დავალებით შედგა საუბარი კორონავირუსის საფრთხის გავრცელებასთან დაკავშირებით. ამ საუბრის დროს განვიხილეთ საკითხი მიმდინარე წლის 16 მარტიდან საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოქალაქეთა გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ. რამდენ ხანს გაგრძელდება, სამწუხაროდ, ჯერ რთულია ამის თქმა.
აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ გავრცელდება რუსეთისა და საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც გამოთქვამენ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების სურვილს, ანუ თუ რუსეთიდან ბრუნდება ჩვენი მოქალაქე, მას არანაირი პრობლემა არ შეექმნება. შესაბამისად, თუ საქართველოდან ბრუნდება რუსეთის მოქალაქე, არც მას ექნება რამე პრობლემები. არაფერი სპეციალური ნებართვა არ იქნება საჭირო, როგორც აქამდე ბრუნდებოდნენ ან ლარსის გავლით, ან თვითმფრინავით, ახლა პირდაპირი ფრენა არ იქნება, მაგრამ მესამე ქვეყნიდან დაბრუნდებიან უპრობლემოდ.
არანაირი შეზღუდვა არ გავრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთის მხარე გაგებით მოეკიდა ამ ინფორმაციას, თვითონაც ამ რეჟიმში არიან, როდესაც იზღუდება რუსეთის მოქალაქეების გადაადგილება ბევრ სხვა ქვეყანაში“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.