ზურაბ აბაშიძე - საქართველომ საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინისადმი სოლიდარობა, თანადგომა და პოლიტიკური მხარდაჭერა არაერთხელ გამოხატა
თბილისის საკრებულოში დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძემ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის უჭერდა და დაუჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
„რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე ჩვენმა ქვეყანამ საერთაშორისო ასპარეზზე ქმედითი ნაბიჯებით, არაერთხელ გამოხატა სოლიდარობა, თანადგომა და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისადმი, მათ შორის: საქართველო გახდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის თანაავტორი, რომელიც გმობს უკრაინაში რუსეთის შეჭრას; ჩვენმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას რუსეთისათვის წარმომადგენლობის უფლების შეჩერებაზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში და საპარლამენტო ასამბლეაში (PACE); საქართველომ, ეუთოს 44 წევრთან ერთად, მხარი დაუჭირა მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას, რაც მიზნად ისახავს ეუთო-ს ვალდებულებებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის შესაძლო დარღვევების და ომის დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის გამოძიებას. საკრებულოს წევრმა ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან ქმედით ნაბიჯებს, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ უკრაინის სახელმწიფოსა და ხალხის სოლიდარობის ნიშნად განახორციელა.
საქართველო გახდა ყირიმის პლატფორმის მონაწილეთა ერთობლივი განცხადების ხელმომწერი, რომელიც გმობს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შეჭრას უკრაინაში; საქართველო შეუერთდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს განცხადებას, რომელიც გმობს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებლობის აღიარებას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედება უხეშად არღვევს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას; საქართველო შეუერთდა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციას „რუსეთის აგრესიით გამოწვეული ადამიანის უფლებათა მდგომარეობა უკრაინაში“; საქართველომ, 38 ქვეყანასთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა. შედეგად, პროკურორმა განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება ომის შესაძლო დანაშაულებზე უკრაინაში“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მან დღესვე პოლიტიკურ ოპონენტებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ მიუღებელია, ასეთ რთულ ვითარებაშიც კი ზოგიერთი ფსევდოპოლიტიკოსი საქართველოსა და უკრაინას შორის მრავალწლიანი პარტნიორობის და ჩვენი ქვეყნის დასავლური ღირებულებების ეჭვქვეშ დაყენებით, საზოგადოებაში დაპირისპირების გამოწვევას ცდილობს.
„მსურს, ჩვენს ოპონენტებს ვუთხრა, ერთხელ მაინც დააყენონ ქვეყნის ინტერესები პირად სარგებელზე მაღლა, რადგან ახლა ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტაბილურობა და თითოეული ქართველის გაერთიანება საერთო მიზნის ირგვლივ – ვაქციოთ საქართველო ძლიერ, განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოდ“, – აღნიშნა აბაშიძემ.