ზურაბ აბაშიძე - რუსეთთან ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ წლის ბოლოს შესაძლოა, მილიარდ დოლარს მიაღწიოს
რუსული ბაზარი დაკეტილი იყო ჩვენთვის, თუმცა ჩვენი ბაზარი ღია იყო რუსული პროდუქციისთვის და იმპორტი შემოდიოდა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ეს იყო არალოგიკური, არასწორი და უსამართლო მდგომარეობა, – ეკონომიკური და კულტურული კავშირები პრინციპში აღდგენილია, ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ პირველი არხის ანალიტიკოს ზვიად ავალიანთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, სანამ პრაღის ფორმატი ჩამოყალიბდებოდა, რუსეთთან შეხვედრის ერთადერთი ადგილი იყო ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციები, მაგრამ ვაჭრობა, სატრანსპორტო კომუნიკაციები და ცალკეული ჰუმანიტარული ასპექტები, რომლებზეც მუშაობა მიმდინარეობს, ჟენევაში არ განიხილება.
„ჩვენ ვიყავით აბსოლუტურად დისკრიმინირებულ პირობებში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს უთანასწორობა გამოგვესწორებინა და ნელ-ნელა რუსული ბაზარიც გაიხსნა. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ რუსეთში აღდგა ქართული პროდუქციის ექსპორტი.
მიმდინარე წელს, დღეის მონაცემებით, ექსპორტის მოცულობამ 230 მილიონი დოლარი შეადგინა. წლის ბოლოს, სავარაუდოდ, 300 მილიონი იქნება, ხოლო მთლიანობაში ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ წლის ბოლოს, შესაძლოა, ერთ მილიარდსაც მიაღწიოს. 2013 წლიდან დღემდე მილიარდზე მეტი ღირებულების პროდუქციაა გატანილი საქართველოდან რუსეთში და სავაჭრო ურთიერთობები შედარებით დაბალანსდა.
იმპორტი იზრდება, მაგრამ ექსპორტი კიდევ უფრო სწრაფად იზრდება და ეს კარგია. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით – ნუ შევიქმნით გადაჭარბებულ მოლოდინებს. პრაღის ფორმატი იმ პრობლემებს ვერ მოაგვარებს, რაც მას არ ევალება, თუმცა იმ საკითხებს, რისთვისაც ეს ფორმატი შეიქმნა, შეძლებისდაგვარად ვაგვარებთ. ვაჭრობა იზრდება. ასევე ძალიან გაფართოვდა სატრანსპორტო კავშირები. ფორმატის ამოქმედებამდე ერთადერთი ჩარტერული რეისი იყო თბილისსა და მოსკოვს შორის. ახლა ასეთი რეისი რამდენიმეა.
მნიშვნელოვნად გაიზარდა სახმელეთო გადაზიდვები და ტვირთბრუნვა. განვითარდა სარეისო საავტომობილო მიმოსვლაც – დღეს საქართველოდან რუსეთში და პირიქით 33 სარეისო ავტობუსი მოძრაობს. ეს ქართულმა საზოგადოებამ ნაკლებად იცის. ეს ძალიან დიდი სფეროებია და ამ ყველაფერს ყურადღება სჭირდება.
საჭიროა ჩვენი კომპანიების ინტერესების დაცვა. ვაჭრობა გაფართოვდა და ეს დაეტყო კიდეც ქვეყანას, თუმცა, ეს მხოლოდ რუსული ბაზრის დამსახურება არაა. მნიშვნელოვნად იზრდება ჩვენი ვაჭრობა ევროკავშირთან და ზოგადად ჩვენი სავაჭრო კავშირები უკვე საკმაოდ დივერსიფიცირებულია“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.