ზურაბ აბაშიძე - ნატო-სთან ჩვენი თანამშრომლობა რუსეთისთვის მიუღებელია და ამაზე ყოველთვის ხაზგასმით საუბრობენ
პარლამენტში ზოგიერთისთვის დიდი აღმოჩენა იყო, როდესაც ვთქვი, რომ ჩვენი ყოველი შეხვედრის შემდეგ თხუთმეტ უწყებას ვუგზავნით სრულ ინფორმაციას, ფაქტობრივად, სტენოგრაფიულ ჩანაწერს, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„პარლამენტს ერთ ჩანაწერს კი არა, ოთხ ჩანაწერს ვუგზავნით და ესეც აღმოჩენა იყო, რომ თურმე, ამაში საიდუმლო არაფერი არ არის. გუშინ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში იყო მოსმენა. საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი იყო ამ დღეების განმავლობაში. იყო ბრალდებები და ეჭვები. ჩვენთან ასეა ხოლმე, ჯერ რაღაც სკანდალი გაჩნდება და მერე, ბოლოში ირკვევა, რომ ეს ამბავი სკანდალად არ ღირდა“, – განაცხადა აბაშიძემ.
მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ბევრი რამ გამოაშკარავდა, რომ კარასინთან შეხვედრაში მაინცდამაინც სკანდალური არაფერი ყოფილა.
„თუმცა, ამ შეხვედრებს რაღაც პატარა დრამა ყოველთვის ახლდა და ამ შემთხვევაშიც, პრაღაში ჩვენი ეს ბოლო შეხვედრაც არ გამოირჩეოდა. ეს ცოტა სენსაციური ნამდვილად იყო. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მიერ დილით გაკეთდა მკვეთრი, რაღაც მუქარის შემცველი განცხადება, რაც საქართველო-ნატო-ს ურთიერთობებთან არის დაკავშირებული და შემდეგ, ამ ჩემმა კოლეგამაც მიაყოლა შეხვედრის შემდეგ, მედიასთან შეხვედრისას. თუმცა, მე ვთქვი მერე, რომ თვითონ შეხვედრაზე არ თქმულა ასეთი ტონით და რაღაც დაპირებით, რომ რაღაც თქვენ გელით, ან არ გელით. ასეთი რამ ნამდვილად არ თქმულა. თუმცა, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ალბათ, უფრო მნიშვნელოვანია, საჯაროდ რას იტყვი“, – განაცხადა აბაშიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იყო თუ არა ამის შემდეგ მისი, ან კარასინის მხრიდან კომუნიკაცია, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ამის შემდეგ კოლეგასთან კომუნიკაცია აღარ ჰქონია.
„მან შემდეგ თითქოს, ცოტა ჩაასწორა, ცოტა შეარბილა ჟურნალისტთან, მაგრამ დარჩა მაინც პირველი შთაბეჭდილება ის, რაც ითქვა მის მიერ და ის, რაც თავდაცვის მინისტრმა თქვა, რაც ალბათ, უფრო მნიშვნელოვანია. ზოგადად, მათი დამოკიდებულება ნატო-ს მიმართ მოგეხსენებათ, როგორიც არის – მკვეთრად უარყოფითი. ნატო-სთან ჩვენი თანამშრომლობა მათთვის მიუღებელია და როდესაც ვხვდებით ხოლმე, ამაზე ყოველთვის ხაზგასმით საუბრობენ. თუმცა, ამ შემთხვევაში, მათი უარყოფითი დამოკიდებულების გრადუსი აშკარად მომატებული იყო“, – განაცხადა აბაშიძემ.
გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, ანალიტიკოს ტატო ხუნდაძის შეკითხვაზე, არსებობს თუ არა რუსეთის მხრიდან დამოკიდებულება, რომ ანაკლიის პორტი რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება და იყო თუ არა ამ საკითხზე საუბარი შეხვედრის დროს, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე სიტყვა – ანაკლია საერთოდ არ ხსენებულა.
„სიტყვა – „ანაკლია” საერთოდ არ ხსენებულა. ან, რა კავშირი აქვს ამ ჩვენ ფორმატთან ანაკლიის პორტის პროექტს, მართალი გითხრათ, არ მესმის. ამ კავშირს ვერანაირად ვერ ვხედავ. ისე რომ წარმოიდგინოთ, რა საიდუმლო უნდა წაიღო ევროპის ცენტრში შეხვედრაზე, რომელსაც ამდენი ხალხი ესწრება, ამდენი თვალი, ამდენი ყურია და როგორ უნდა ჩაუჩხირო ეს რაღაც საიდუმლო მესიჯი?! ან, თუ მესიჯი გაქვს, ამის ფორმატს ვერ მონახავ გადასაცემად?! სასაცილოა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ეს ცოტა გულუბრყვილოა“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.