ზურაბ აბაშიძე - კარასინთან შეხვედრაზე 2019 წლის მოვლენები ნახსენები საერთოდ არ ყოფილა, ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია
2019 წლის მოვლენები შეხვედრაზე ნახსენები საერთოდ არ ყოფილა; ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია, – ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელიც უწყებამ ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის ონლაინშეხვედრის შემდეგ გაავრცელა.
ზურაბ აბაშიძის შეფასებით, აღნიშნულ თემაზე შეხვედრისას საუბარი საერთოდ არ ყოფილა.
„კომენტარში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე დაიდო, არის ასეთი პასაჟი – „დადასტურდა ორმხრივი განწყობა, მზაობა, 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად“. ხაზგასმით ვაცხადებ, ასეთი რამ არ ყოფილა. ასეთი ორმხრივი მზაობა ამ თემასთან დაკავშირებით არ ყოფილა და 2019 წლის მოვლენები შეხვედრაზე ნახსენები საერთოდ არ ყოფილა. ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ონლაინფორმატის შეხვედრას, ისევე, როგორც წინა სხვა შეხვედრებს, ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლები.
ზურაბ აბაშიძის კომენტარს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.