ზურაბ აბაშიძე - ჩანაწერი ვინც გამოამზეურა, მის სინდისზე იყოს, თუმცა 2022 წლის მარტის საუბარი ადასტურებს, რომ რუსეთმა თავად მიიღო გადაწყვეტილება ფრენების აღდგენის შესახებ
ჩანაწერი ვინც გამოამზეურა, მის სინდისზე იყოს, თუმცა ამ საუბარში სასკანდალო არაფერია, არც რაიმე საიდუმლოება არის, მე ვსაუბრობ გრიგორი კარასინთან მას შემდეგ, რაც შეიქმნა ე.წ. პრაღის ფორმატი 2012 წლიდან. მოგეხსენებათ, ჩვენ განვიხილავთ სატრანსპორტო საკითხებს, სავაჭრო თემებს, ჰუმანიტარულ პრობლემებს, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
როგორც აბაშიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბარში აღნიშნა, ჩანაწერის გავრცელება ემსახურება იმას, რომ შეიქმნას სკანდალი, თითქოს რუსეთთან კულუარული ურთიერთობები აქვს საქართველოს.
აბაშიძე აცხადებს, რომ ჩანაწერი, რომელიც გავრცელდა, გრიგორი კარასინთან 2022 წლის მარტში შედგა.
„ჩვენ რაიმე განსაკუთრებული საიდუმლო არხი სასაუბროდ არ გვაქვს, ვსაუბრობთ ტელეფონით. ჩანაწერის გავრცელება ემსახურება, რომ შეიქმნას სკანდალი, თითქოს ხომ ვამბობდით, რაღაც კულუარული ურთიერთობები აქვთ რუსეთთანო, რომ მოილაპარაკეს საავიაციო მიმოსვლის აღდგენაზეო. ეს საუბარი ამტკიცებს საწინააღმდეგოს. ჩანაწერი ამტკიცებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით. კარასინი მეკითხება 2022 წლის მარტში, რას ფიქრობ, დავიწყოთ საუბარი საავიაციო მიმოსვლის აღდგენაზეო? თავად ამბობს, რომ არ თვლის მიზანშეწონილად, მეც ვუდასტურებ, რომ არ არის მიზანშეწონილი. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვამბობდით აქამდე, რომ შემდგომ, მოგვიანებით, რუსეთმა თვითონ მიიღო გადაწყვეტილება ფრენების აღდგენის შესახებ. ამ საუბრის მერე, 2022 წლის მარტის შემდეგ კარასინთან ამ თემაზე მე აღარ მისაუბრია. ჩანაწერი ზუსტად იმას ადასტურებს, რასაც ჩვენ ვამბობდით. თვითონ საუბარში სკანდალური და საიდუმლო არ არის, ყოველთვის ვამბობთ იმას, რაც რეალობა არის. ბატონ კარასინთან წელიწადი და რვა თვეა, ჩვენი ფორმატით გათვალისწინებული საკითხები არ განმიხილავს“, – განაცხადა აბაშიძემ.