ზურაბ აბაშიძე - აზერბაიჯანისა და სომხეთის თხოვნით, გამონაკლისის სახით, საქართველოს საჰაერო სივრცე გამოყენებული იქნება რუსული კონტინგენტის ნაწილის გადასაყვანად
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის თხოვნის საფუძველზე, საქართველოს საჰაერო სივრცე განსაზღვრული პერიოდით იქნება გამოყენებული რუსული კონტინგენტის მთიან ყარაბაღში გადასაყვანად.
„მოგეხსენებათ, ქართული მხარე გამოეხმაურა უკვე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 10 ნოემბერს მიღწეულ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. ჩვენ გამოვთქვით იმედი, რომ ეს ხელს შეუწყობს კონფლიქტის მოგვარების სრულმასშტაბიან პროცესს. თავის მხრივ, საქართველომ ადრეც გამოხატა მზადყოფნა, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ხელი შეუწყოს სამშვიდობო პროცესის განხორციელებას. რაც შეეხება საქართველოს როლს და ჩვენს მონაწილეობას სამშვიდობო კონტინგენტის ლოჯისტიკურ საკითხში, ამ პროცესში გადაწყვეტილება მიიღება სამშვიდობო კონფიგურაციის მიხედვით და რა თქმა უნდა, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. მოცემულ ეტაპზე საკითხის აქტუალობისა და მშვიდობის დამყარებისთვის შეზღუდული დროის გათვალისწინებით, როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის მხარის თხოვნის საფუძველზე, ხაზს ვუსვამ, როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის მხარის თხოვნის საფუძველზე, გამონაკლისის სახით, რუსი სამშვიდობოების კონტინგენტის ნაწილი, წინასწარ შეთანხმებული განსაზღვრული პერიოდით გადაყვანილი იქნება დაპირისპირების ზონაში საჰაერო სივრცის გამოყენებით და ამის შესახებ ჩვენი პარტნიორები ინფორმირებულები არიან“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ზურაბ აბაშიძის განმარტებით, საუბარია საჰაერო სივრცის გახსნაზე განსაზღვრული პერიოდით, რაც კონტინგენტის გადაყვანას დასჭირდება. მისივე თქმით, საუბარია მოკლე პერიოდზე.
„ეს განსაზღვრული პერიოდია. დღეებზეა საუბარი, რაც დასჭირდება ამ კონტინგენტის გადაყვანას. ვფიქრობ, ეს მოკლე პერიოდია“, – დასძინა ზურაბ აბაშიძემ.