ზურაბ აბაშიძე - ჩვენმა დელეგაციამ გაერო-ში მიიღო გზავნილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, რომ საჭიროა პირდაპირი კომუნიკაცია რუსულ მხარესთან
ზურაბ აბაშიძე - ჩვენმა დელეგაციამ გაერო-ში მიიღო გზავნილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, რომ საჭიროა პირდაპირი კომუნიკაცია რუსულ მხარესთან

შეხვედრებზე ჩვენმა დელეგაციამ მიიღო გზავნილი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან იმის თაობაზე, რომ საჭიროა პირდაპირი კომუნიკაცია რუსულ მხარესთან. შვეიცარიულმა მხარემ შესთავაზა ჩვენს დელეგაციას, მისივე ჩართულობით გაერო-ში მიმდინარე ასამბლეის ფარგლებში მოხდეს კომუნიკაცია რუსულ მხარესთან. ჩვენმა დელეგაციამ ეს შემოთავაზება მიიღო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველოს დელეგაციას ნიუ-იორკში მაღალ დონეზე ჰქონდა შეხვედრები პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებთან და ამ შეხვედრების მთავარი თემა დაკავშირებული იყო ოკუპირებულ რეგიონებთან და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებასთან.

„თითქმის ყველა შეხვედრაზე, ჩვენმა დელეგაციამ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან მიიღო გზავნილი, რომ სასურველია, შედგეს კომუნიკაცია რუსეთის მხარესთან. ამის შემდეგ იყო შემოთავაზება ჩვენი შვეიცარიელი მეგობრებისგან, კოლეგებისგან, რომ მათი ჩართულობით ასეთი კომუნიკაცია შედგეს. ჩვენმა დელეგაციამ გაიარა შესაბამისი კონსულტაციები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ამის შემდეგ ჩვენმა დელეგაციამ დაუდასტურა შვეიცარიელ მეგობრებს, რომ მზად არიან ამ კომუნიკაციისთვის. დამატებით ინფორმაციას ჩვენ ველით ნიუ-იორკიდან. როგორც კი მივიღებთ ამ ინფორმაციას, რა თქმა უნდ,ა გაგაცნობთ ამის შესახებ,“- თქვა ზურაბ აბაშიძემ.

პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, მთავარი თემა, არის ოკუპაცია, სიტუაცია ოკუპირებულ რეგიონებში, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევა, საოკუპაციო ხაზთან გამწვავებული ვითარება და ა.შ.

„ზოგადად მთელი ეს ძალისხმევა მიმართულია, რათა მოხდეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, ჟენევის ფორმატის ეფექტიანობის ამაღლება და შედეგიანობის დონის ამაღლება. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანები,“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.