ზურაბ აბაშიძე - ადრე თუ გვიან რუსეთის და საქართველოს პირველი პირების შეხვედრა მიზანშეწონილი იქნება
ჯერ ძნელია იმის თქმა, რა შედეგს მოიტანს ახალი სავაჭრო დერეფნების გახსნა და ზოგადად, როგორ იმუშავებს ეს პროექტი, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ პირველი არხის გადაცემაში “თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„თუმცა, ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. თვითონ ამ ხელშეკრულების ამოქმედება არ ნიშნავს, რომ ეს კორიდორები ავტომატურად უნდა გაიხსნას. ეს უკვე მხარეების გადასაწყვეტია და დამატებითი პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანია. შეიძლება, შვეიცარიელი მონიტორები ამ კორიდორების დასაწყისში დადგნენ, მაგრამ კორიდორების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება არ იყოს მიღებული. ეს მონიტორები იქ იქნებიან და თუ რამე გაივლის, ამას აღნუსხავენ, ხოლო თუ არ გაივლის, არა“, – განაცხადა აბაშიძემ.
გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, ანალიტიკოს ტატო ხუნდაძის შეკითხვაზე, რა ხეირი უნდა ნახოს საქართველომ ორი ახალი სავაჭრო დერეფნის გახსნით, რომლებმაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უნდა გაიაროს, ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ აღნუსხული იქნება და საქართველოს ინფორმაცია ექნება ნებისმიერი ტვირთის თაობაზე, რაც რუსეთსა და საქართველოს შორის, საქართველოდან რუსეთის მიმართულებით გადაადგილდება.
მისი თქმით, ეს იმდენად ორიგინალური პროექტია, რომ ვერსად ვერ მოინახა პრეცედენტი, რათა შემოწმებულიყო, თუ როგორ მუშაობს ის.
„ასეთი რამ ჯერ არც ერთ ქვეყანაში არ გაკეთებულა. თუმცა, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ამაში რაღაც პოზიტივი დავინახოთ. კონტრაქტიც რუსეთზე ადრე გავაფორმეთ და უკვე თანხაც გადაირიცხა. 6 თებერვალს, ჟენევაში ქართულ-რუსულ-შვეიცარული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა შედგა. იქ გაკეთდა მონახაზი ამ სამუშაო ჯგუფის საქმიანობისა, რომელმაც პროექტს მონიტორინგი უნდა გაუწიოს. რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები ბევრია. რაც უფრო ბევრ კითხვას სვამ, კიდევ უფრო მეტი კითხვა ჩნდება, მაგრამ ზოგადად, ჩვენი სურვილია, ამან სრულფასოვნად იმუშაოს“, – განაცხადა აბაშიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ რუსეთ-საქართველოს შორის მაღალი დონის შეხვედრები შედგეს და რის მომცემი შეიძლება იყოს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების, ან პრემიერ-მინისტრების შეხვედრა, ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ გააჩნია, რაზე ისაუბრებენ პრეზიდენტები, თუ პრემიერ-მინისტრები.
„როცა ასეთი კითხვა ჩნდება, ვამბობთ, რომ ადრე თუ გვიან ასეთი შეხვედრის ჩატარება ალბათ, მიზანშეწონილი იქნება. ოღონდ, ძალიან მნიშვნელოვანია, რაზე ისაუბრებენ პირველი პირები. თუ იქ განხილული არ იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემები და თუნდაც, სულ მცირე ნაბიჯი არ გადაიდგმება, მაშინ ჩნდება შეკითხვა – რა საჭიროა ასეთი შეხვედრა, სადაც იგივე თემებზე ისაუბრებენ, როგორიცაა სავაჭრო ურთიერთობები, ღვინის ექსპორტი და ა.შ. ამიტომ, თუ რუსეთის მხრიდან იქნება მზაობა, რომ ეს თემაც იყოს განხილული და გამოჩნდება პოლიტიკური ნება, რომ ამასთან დაკავშირებით რაღაც პროცესი დაიწყოს, ასეთ შეხვედრას, რა თქმა უნდა, აზრი ექნება. ამ ეტაპზე, რამე მზადება ნამდვილად არ მიმდინარეობს და ჯერ, ამისათვის არანაირი კონკრეტული მოცემულობა არ არის“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.