ზურაბ ჯაფარიძემ ბარი „ჯაფარასთან“ გახსნა და აცხადებს, რომ ამით პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტს ახორციელებს
„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ბარი „ჯაფარასთან“ გახსნა.
როგორც ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, ბარის გახსნა არის პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი, რომლის მიზანი კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებაა.
„ეს არის პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი. ვიცით, რომ ქვეყანაში მოქმედებს უამრავი შეზღუდვა, მათ შორის არის კომენდანტის საათი, საღამოს გადაადგილება, ეს ეხება რესტორნების, კაფეების, ბარების ფუნქციონირებას. ეს არის დაუმორჩილებლობის აქტი, რომლის მიზანიც არის, გააპროტესტოს ეს შეზღუდვები. ამით ვითხოვთ, რომ ყველა შეზღუდვა მოიხსნას. ამ შემთხვევაში უბრალოდ ამ დაუმორჩილებლობამ მოიღო ბარის სახე. ბარი ამ წუთშიც უკვე არღვევს რეგულაციას. შიგნით ხალხი ზის და დახურულ სივრცეში ხალხის ჯდომა აკრძალულია. ასევე, დაარღვევს დღესვე მეორე რეგულაციას, კომენდანტის საათს და ცხრა საათის მერეც გააგრძელებს ფუნქციონირებას. აქ იქნებიან ადამიანები, ვინც ამ ბარის მომსახურებას მიიღებენ. საბოლოო ჯამში, მიზანი არის, რომ ადამიანებს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში მორჩილად იღებენ იმ შეზღუდვებს, რომელსაც მთავრობა უწესებს, რომელთაც ცხოვრება გაუნადგურეს, მაგრამ ყლაპავენ ამ ყველაფერს და ვერ გამოხატავენ პროტესტს, მაგალითი მივცეთ, რომ სინამდვილეში ეს ყველაფერი გასაპროტესტებელია და დედამიწაზე არც ერთ მთავრობას არ აქვს უფლება, თქვენ აგიკრძალონ სიცოცხლის სიცოცხლე. მათ შორის მაგალითი მისცეს ამ გაყოლებაზე არსებულ რესტორნებსა და კაფეებს, რომელთა ერთადერთი შემოსავალიც ეს კაფეები და რესტორნები და ტურისტები იყვნენ და ახლა ულუკმაპუროდ არიან დარჩენილები და ვალებში გადავარდნილები.
ეს თუ ვერ დაკეტეს და ვერ დაკეტავენ, მე უნდა დამიჭირონ, თუ დაკეტავენ, რადგან ყველაფერი ჩემს სახელზეა. თუ ეს ვერ დაკეტეს, მაშინ ყველა დანარჩენი უნდა გახსნან, რადგან ვერავინ ვერ ავუხსნი ამ ხალხს, რატომ უნდა ვმუშაობდე მე და რატომ არ უნდა მუშაობდნენ ისინი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, თუ მის დაპატიმრებას გადაწყვეტენ, ამისთვის დეპუტატის მანდატი უნდა გაუუქმონ.
„მე თუ ვარღვევ კანონს და ბევრ რეგულაციას ვარღვევ, თან გამიუქმონ მანდატი, მიმართონ პარლამენტს, გამიუქმონ მანდატი და დამაპატიმრონ, კი ამაზე მივდივარ. ისე არ მიუქმებენ ჩემი მიმართვის საფუძველზე და ასე მაინც გამიუქმონ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, შრომის ინსპექციას შენობაში არ შეუშვებენ.
„ვერ დაგვაჯარიმებენ. შიგნით არც სალარო აპარატი მუშაობს და არც არაფერი. ქეშით გადახდა არის, მაგრამ ვეტყვი, რომ დონაციას იღებენ, მაგაზე ვერ დააჯარიმებენ. შრომის ინსპექციას შიგნით არ შევუშვებთ საერთოდ. უნდა მოიყვანონ მაშინ პოლიცია, რომ ძალით შევიდნენ შიგნით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.