ზურაბ ჯაფარიძე - პრობლემაა, რომ საპატრიარქო ცდილობს, მისი მიდგომები თუ დოგმები საერო კანონმდებლობაში აისახოს
ზურაბ ჯაფარიძე - პრობლემაა, რომ საპატრიარქო ცდილობს, მისი მიდგომები თუ დოგმები საერო კანონმდებლობაში აისახოს

პრობლემა ისაა, რომ საბოლოო ჯამში, მთავრობა საპატრიარქოდან მიღებულ ინსტრუქციებსა და მუქარებს ემორჩილება და სეკულარიზმთან დაკავშირებით საფრთხე სწორედ აქ არის, როდესაც საპატრიარქო ცდილობს, მისი მიდგომები თუ დოგმები საერო კანონმდებლობაში აისახოს, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ეკლესიის მხრიდან იყო გამოხატვის თავისუფლებაც და პოლიტიკაში ჩარევაც.

„ისინი აქტიურად გამოდიან და საერო საკითხებში ერევიან; მათ შორის, გამოდიან, იკრიბებიან, დემონსტრაციებს აწყობენ, პარაკლისებს ატარებენ, სადაც საერო თემებზე საუბრობენ და იმუქრებიან. მათ ამ ყველაფრის უფლება აქვთ, რადგან ეს გამოხატვის თავისუფლების ნაწილში ჯდება და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ პრობლემას ვხედავ იმაში, რომ საბოლოო ჯამში, ეს ამ ქვეყანაში ტრადიციად ქცეული რიტუალით მთავრდება, როცა ფორმალურად მაღალი იერარქები პატრიარქს ეახლებიან ხოლმე“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აქვს თუ არა სახელმწიფოს ფუფუნება, არ გაითვალისწინოს ისეთი ავტორიტეტული ინსტიტუციის პოზიცია, როგორიც მართლმადიდებელი ეკლესიაა, რომელიც, თავის მხრივ, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის პოზიციას გამოხატავს, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს შესაძლოა, ჰქონდეს და აქვს კიდეც ძალიან არასწორი წარმოდგენა იმაზე, თუ რა არის სამყარო და ადამიანების საზოგადოება, რაც მათ ერთი მხრივ, საბჭოთა კავშირიდან მოსდგამთ და მეორე მხრივ, ეს წარმოდგენები არსებულმა განათლების სისტემამ კიდევ უფრო გაუმყარა.

„ხელისუფლების არჩევანია, სწორი რაღაცები გააკეთონ, თუ უმრავლესობის ნებას დაემორჩილონ, რაც, მათ შორის, შესაძლოა, საპატრიარქოს პოზიციაში იყოს გამოხატული. თუ პოზიცია სწორი არ არის, ისინი უმრავლესობის ნებას არ უნდა დაემორჩილონ, რადგან მოსახლეობის დიდ ნაწილს არასწორი წარმოდგენები აქვს და ნებისმიერი ბოდვა, რომელიც შესაძლოა, უმრავლესობას რჩებოდეს, კანონმდებლობაში არ უნდა აისახოს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.