ზურა ჯაფარიძე - ოპოზიციის ერთობლივი განცხადების შინაარსია, რომ უნდა დამთავრდეს მასკარადი პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით
ოპოზიციის ერთობლივი განცხადების შინაარსია, რომ უნდა დამთავრდეს მასკარადი პარლამენტში შესვლა/არშესვლასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე შეფასებით, ხელისუფლებას კრიზისის განმუხტვა თუ სურს, სერიოზული საუბარია საჭირო და არა პარლამენტში ვინმეს შეტყუების იაფფასიანი მცდელობა.
„ამ განცხადების შინაარსია ერთი ის, რომ უნდა დამთავრდეს რაღაცა მასკარადი შესვლა/არშესვლასთან დაკავშირებით და გასაგები უნდა იყოს, რომ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც სიები ჩახსნეს და უარი თქვეს მანდატებზე, სერიოზულები არიან ამ გადაწყვეტილებაში და ამის გადახედვას არ აპირებენ. მეორე -ხელისუფლებას თუ უნდა, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს, მაშინ სერიოზული ლაპარაკია საჭირო და არა ეს რაღაც იაფფასიანი მცდელობები, რომ რაიმენაირად ვინმე შეიტყუონ პარლამენტში ან დააშანტაჟონ და დახატონ სურათი, რომ პარლამენტი არის მრავალპარტიული“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
კითხვაზე, რატომ არ არის ამ განცხადებაზე „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ ხელმოწერა, ზურაბ ჯაფარიძემ უპასუხა, რომ ეს იმ ხალხის განცხადებაა, ვინც მანდატებზე უარი თქვა.
„მე უბრალოდ შემომეხმიანენ, ჩამიგდეს განცხადების ტექსტი და მითხრეს, თუ მოვაწერდი ამას ხელს. ვუთხარი კი, წავიკითხე, გავეცანი. კიდევ ვისთან ჰქონდათ კომუნიკაცია, არ ვიცი, მე არ ვიყავი მაგის ორგანიზატორი. ეს არის განცხადება იმ ხალხის, ვისაც მანდატებზე უარი აქვთ ნათქვამი. მათ კი არც სია აქვთ ჩახსნილი და არც მანდატებზე უთქვამთ უარი, შესაბამისად ვერც მოაწერდნენ ამაზე ხელს. ალბათ, მაგის გამოც არ შესთავაზეს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ ერთგული რჩებიან იმ პოზიციის, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიკავეს. ერთობლივ განცხადებაზე არ არის „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ წარმომადგენლების ხელმოწერები.