ზურაბ ჯაფარიძე - ევროპული საბჭოს პრეზიდენტს სურს, ასოცირების კომისიის სხდომამდე პროგრესი იყოს, იმედი აქვს, ამას მივაღწევთ
ზურაბ ჯაფარიძე - ევროპული საბჭოს პრეზიდენტს სურს, ასოცირების კომისიის სხდომამდე პროგრესი იყოს, იმედი აქვს, ამას მივაღწევთ

ძალიან ზოგადი შეთანხმება მოხდა, არაფერი კონკრეტული, – ამის შესახებ პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შარლ მიშელს იმედი აქვს, რომ პროგრესი მიიღწევა.

„არანაირი თარიღი არ გვაქვს, ერთადერთი, რაზეც იყო საუბარი და უშუალოდ პრეზიდენტმა ისაუბრა, ორ კვირაში ბრიუსელში არის ასოცირების კომისიის სხდომა, ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოსთვის და მას უნდა, რომ ამ დროისთვის პროგრესი იყოს. იმედი აქვს, ამ პროგრესს მივაღწევთ. ძალიან ზოგადი შეთანხმება მოხდა, არაფერი კონკრეტული.  ღარიბაშვილმა დააფიქსირა თავისი პოზიცია, როგორ აფასებს ის შექმნილ სიტუაციას, როგორ აფასებს არჩევნებს და ასე შემდეგ. არაფერი ახალი არ ყოფილა, ისევე როგოც ჩვენი მხრიდან, ცალ-ცალკე პარტიების მხრიდან იყო პოზიციები გადმოცემული. ახალი არც აქ ყოფილა. რაზეც შეთანხმება მოხდა, ისაა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჩვენთან და „ქართულ ოცნებასთან“ საუბრის შემდეგ წარმოგვიდგინა პუნქტები. ეს არის იგივე პუნქტები, რაც იყო ისედაც მოლაპარაკების მაგიდაზე, პლუს არის დამატებული ორი პუნქტი. ერთი ეხება მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას, ზოგადი ჩანაწერია, არაფერი კონკრეტული არ წერია, მეორე ეხება ძალაუფლების დანაწილებას, ზოგადი ჩანაწერია, თუ სწორად მახსოვს, პარლამენტს შიგნით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებას ეხება.

ნებისმიერ შემთხვევაში, მოლაპარაკება არის აქედან გამოსავალი. პოლიტპატიმრების საკითხი, ისევე როგორც ვადამდელი არჩევნების, რომელიც ასევე იყო მოლაპარაკების მაგიდაზე, დევს მოლაპარაკების მაგიდაზე. იმ ექვს პუნქტს შორის არის, რომელიც წარმოადგინა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. ეგ ნიშანვს, რომ „ქართული ოცნება“ ხელს აწერს, ნიშნავს, რომ თანახმანი არიან, რომ ვისაუბროთ. შემდეგი შეხვედრა არ ჩანიშნულა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.