ზურა ჯაფარიძე - ევროპარლამენტარების განცხადებაზე რეაგირება ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს, არ მესმის, მე რა უნდა შევცვალო, რა არის ჩემი პასუხისმგებლობა
პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ევროპარლამენტარების განცხადებაზე რეაგირება ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს.
მისივე თქმით, ის შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მოწერას არ აპირებს და ამ მხრივ არაფერი შეცვლილა.
„არა, იმ დოკუმენტს ხელს არ მოვაწერთ. ამის შესახებ იქვე განვაცხადეთ და მას შემდეგ ჩემთვის პირადად არაფერი შეცვლილა. ის, რომ ევროპარლამენტარები რაღაც მკაცრი განცხადებას ავრცელებენ, ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს ხელისუფლებამ. იქ მათ შორის წერია, რომ მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ამიტომ არ მოვაწერ დოკუმენტს ხელს, რომელშიც ჩემი აზრით, ისეთი არაფერი წერია, რის გამოც შეიძლება ხელის მოწერა ღირდეს.
ევროპარლამენტარების განცხადებამ უნდა შეცვალოს ხელისუფლების დამოკიდებულება, თორემ მე რა უნდა შევცვალო, არ მესმის. ჩემი პასუხისმგებლობა რა არის, არ მესმის. ჩემი პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს ის, რომ რაღაც სისულელეებზე არ გავჭედო და სისულელეების გამო ნამდვილად არ ვჭედავ, პრინციპული საკითხებია.
ზოგადად, ქვეყანას რაც შეეხება, ქვეყანა არის კატასტროფულ მდგომარეობაში და კიდევ უფრო გაღრმავდება ეს კრიზისი. ამ კრიზისიდან გამოსვლის დაწყების ერთადერთი გზა არის ხელახალი არჩევნები და ახალი ლეგიტიმაციის ხელისუფლება, რომელიც რაღაც ტიპის რეფორმებს დაიწყებს, თორემ ამ ხელისუფლების პირობებში, რა ვიცი, მე არ მჯერა, რომ რვა წლის მერე ჭკუა მოემატათ, რამეს შეცვლიან და რაღაცას გააკეთებენ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ არჩილ თალაკვაძის მხრიდან გიორგი რურუას გათავისუფლების შეთავაზების შემთხვევაშიც, პარტიები დოკუმენტზე ხელის მოწერას არ დათანხმდნენ, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „მას ასეთი მომენტი არ ახსოვს“.
„მე ეგეთი მომენტი არ მახსოვს, მაგრამ მარტო რურუას გათავისუფლებაზე თუ იქნებოდა საუბარი, ცხადია, მაინც არ მოვაწერდით ხელს. ეს არის პაკეტი და მას უნდა მოეწეროს ხელი. ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხი საერთოდ არ წერია და ცხადია, ხელს არ მოვაწერდით. ეს პოზიცია აქვთ რურუასაც და მელიასაც“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ევროპარლამენტარები გავრცელებულ
განცხადებაში საქართველოში პარტიების შეუთანხმებლობის გამო იმედგაცრუებას გამოთქვამენ და ფინანსური დახმარების შეჩერებას არ გამორიცხავენ.