ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის, ეკონომიკური მხარდაჭერის, დასაქმების ხელშეწყობისა და ოჯახის გაძლიერების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამით 34 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დაფინანსდა. ზუგდიდში ყოფილ პატიმრებს ტექნიკა გადასცეს.
საუკეთესო ბიზნესიდეის მქონე ყოფილი პატიმრები კონკურსის წესით შეირჩნენ. მათზე გაცემული თანხის რაოდენობა (2000-დან 5 ათას ლარამდე) ბიზნესის სპეციფიკაზეა დამოკიდებული.
ყოფილი პატიმრები საკუთარი იდეის განხორციელებას შეძლებენ სხვადასხვა მიმართულებით, რომელთა შორისაა სოფლის მეურნეობა, მომსახურება და წარმოება.
საგრანტო კონკურსში „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბენეფიციარები მონაწილეობენ.
კონკურსში გამარჯვებულ ბენეფიციარებს სამეგრელოს რეგიონში იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი ლადო ჯავახიშვილი და პროექტის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის – საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის, „აფხაზეთის“ წარმომადგენლები შეხვდნენ.
ლადო ჯავახიშვილმა ყოფილ პატიმრებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
გამარჯვებულები რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა: სამეგრელოში 13 ბენეფიციარი, იმერეთში – 4, აჭარაში – 2, კახეთში – 2, შიდა ქართლში – 4, ქვემო ქართლში – 1, მცხეთა-მთიანეთში – 2, თბილისში კი, 6.
იუსტიციის სამინისტრო საგრანტო პროექტს ყოფილი პატიმრების ბიზნესიდეების დაფინანსებისთვის 2013 წლიდან ახორციელებს. საკუთარი ბიზნესის წამოწყება ყოფილ პატიმრებს ეკონომიურთან ერთად ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევაში ეხმარება, მინიმუმამდე ამცირებს განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკს, რაც უსაფრთხო გარემოს წინაპირობასაც წარმოადგენს.
საგრანტო პროგრამას მონიტორინგს იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციის ცენტრი” უწევს.
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, პროექტი „ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა” 2013 წლიდან ხორციელდება. 2013-2018 წლებში 108 ყოფილი პატიმრის (მათ შორის, 24 ქალი პატიმრის) ბიზნესიდეები დაფინანსდა.