ზუგდიდს კიდევ ერთი, ახალი დასასვენებელი სივრცე შეემატა. ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე ვეტერანთა ხეივანი საზეიმოდ გაიხსნა.
ხეივანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიასთან, მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან, ვეტერანებთან და ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად გახსნა.
„მიხარია, რომ კიდევ ერთი ლამაზი ადგილი შეემატა ჩვენს ქალაქს და მომავალში კიდევ ბევრი შეემატება. თითოეული ზუგდიდელის ჩართულობით ბევრ კარგ და სასიამოვნო ადგილს შევმატებთ ჩვენს მუნიციპალიტეტს. მნიშვნელოვანია, რომ ამ პარკს ჰქვია ვეტერანთა პარკი. ეს პარკი ჩვენ იმ ღირსეული მამულიშვილების უკვდავსაყოფად გავაკეთეთ, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს სამშობლოს ერთიანობისთვის. ვმუშაობთ მონუმენტის შექმნაზეც, რომელიც აქ განთავსდება. ეს იქნება მათი ღირსეული ხსოვნისთვის გაკეთებული კიდევ ერთი საქმე“, – აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
მოეწყო სკვერი, საფეხმავლო ბილიკი, გარე განათება, გამწვანება, ბორდიურები და ველობილიკი. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 252 581 ლარი შეადგინა.