ზუგდიდში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციაზე იმყოფებოდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები.
აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ტრანსპარანტები, წარწერებით: „საქართველო და უკრაინა რუსეთის გარეშე“, „მშვიდობა უკრაინას“, „არ გვინდა ომი“ და სხვა. შეკრებილებმა უკრაინაში რუსული აგრესია დაგმეს.
აქციის მონაწილეების თქმით, ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ომი და დღეს რუსეთი მთელ ცივილიზებულ სამყაროს ებრძვის. აქცია მოძრაობა „დროას“ ორგანიზებით ჩატარდა.
„დღეს რაც უკრაინაში ხდება, არ წყდება მხოლოდ უკრაინის ბედი. აქ წყდება საქართველოს თავისუფლების ბედი, ვიცხოვრებთ ცივილიზებულ სამყაროში, თავისუფალ სამყაროში თუ ისევ ბოროტების იმპერიაში, როგორიც იყო საბჭოთა კავშირი. ჩვენი სრული მხარდაჭერა უკრაინელებს და მათ უნდა იცოდნენ, რომ ქართველები, ქართველი ერი ყოველთვის იდგება მათი თავისუფლების სადარაჯოზე, რადგან მათი თავისუფლება არის საქართველოს თავისუფლება“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანი წითლიძემ.
აქციაზე უკრაინის ჰიმნი აჟღერდა.