ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაზე გამოძიება ტერორისტული აქტის მუხლითაც მიმდინარეობს
ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება ტერორისტული აქტის მუხლითაც მიმდინარეობს.
როგორც შსს-ში განაცხადეს, ამ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით – 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება), 323-ე (ტერორისტული აქტი) და 329-ე (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით).
შს მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, პოლიციის მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თავდასხმაში მონაწილე, იდენტიფიცირებული პირია 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა.
მისივე თქმით, ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურად განაგრძობს.
21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და 43 მოქალაქე მძევლად აიყვანა. სამართალდამცველების ძალისხმევით, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელმა მძევლების უმეტესობა ეტაპობრივად გაათავისუფლა, რომლებსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. მოგვიანებით, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად ბანკის შენობა დატოვა. ოთხივე მათგანი გვიან ღამით გათავისუფლდა.