ზუგდიდში, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობაში მცხოვრები დევნილები ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ
ზუგდიდში, გამსახურდიას 208-ში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. სვეტლანა მინაევას თქმით, ისინი რესპუბლიკური საავადმყოფოს კუთვნილ ოთხსართულიან შენობაში 24 წელია ცხოვრობენ.
” შენობა ნგრევადია, გაუმართავია ელექტროგაყვანილობა, კანალიზაცია არ არის მოწესრიგებული, სასმელი წყლით მოწამვლის ფაქტებიც იყო. აქ ცხოვრობენ ძირითადად სოციალურად დაუცველები, ავადმყოფები, არასრულწლოვნები. ქულები შარშან ნაკლები მოგვივიდა, წელს არაფერი საუკეთესოდ არ შეცვლილა, ქულები კი გაიზარდა. მოვითხოვთ, მოგვცენ ბინები”, -აცხადებს მიანევა.
საავდმყოფოს შენობაში მცხოვრები დევნილების პრობლემებს გაეცნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ანი წითლიძე და პაატა ადამია. ანი წითლიძის თქმით, ამ ადამიანებსთვის ხელოვნურად მოხდა ქულების დაკლება, რადგან ისინი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები იყვნენ.
დევნილთა და განსახლების სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსმა, მანუჩარ ჩილაჩავამ ამ თემაზე პირველ არხთან სატელეფონო კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა ამ შენობის შესახებ, თუმცა იქ არ წერია, რომ მაცხოვრებლები დაუყონებლივ გადაყვანას ექვემდებარებიან.
“ჩვენ უკვე შევხვდით რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობაში მცხოვრობ დევნილებს. ისინი ამბობენ, რომ გაუარესდა მდგომარეობა შენობის პირველ სართულზე. მათ გავუწიეთ შესაბამისი კონსულტაცია და ავუხსენით, რომ უნდა დაწერონ განცხადება. დანარჩენი, ალბათ ისევ ექსპერტიზის დასკვნაზე იქნება დამოკიდებული”, – აღნიშნა ჩილაჩავამ.
რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობაში 45 -მდე აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი ცხოვრობს. ისინი თითქმის ათი წელია შენობიდან გაყვანას ითხოვენ.