ზუგდიდში ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო
ზუგდიდში ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ზუგდიდის ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ზუგდიდის თამარ მეფის ქუჩის 2.3 კმ-იანი მონაკვეთზე, რომელიც ხუთ თვეში დასრულდება, პროექტის ღირებულება 5 373 373 ლარია.

ასევე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგეგმილია შემდეგ ქუჩებზე: ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩის 1,5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, პროექტის სავარაუდო ღირებულება 2 344 332 ლარია; კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის 2,5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, აღნიშნულ პროექტზე, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მიერ საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება მიმდინარეობს, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი სამუშაოების შესყიდვაზე. სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება 5 015 400 ლარია და მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, წლის განმავლობაში დაგეგმილია კიდევ ექვსი ქუჩის რეაბილიტაცია: ჯანაშიას და ხელაიას ქუჩების 2 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია; ზვიად გამსახურდიას ქუჩის 1, 48 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია; ლაზის ქუჩის 2.08 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია; ჩიქობავას ქუჩის 1,65 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია; ბარამიას ქუჩის 1,25 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და ქობულეთის ქუჩის 0,5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია.

უწყების ცნობით, ექვსივე გზის საპროექტო მომსახურებაზე გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია და ხელშეკრულება უახლოეს პერიოდში გაფორმდება. აღნიშნული გზების პროექტირება ხუთ თვეში დასრულდება, თუმცა ეტაპობრივად მოხდება ცალკეული გზების პროექტის მიღება და ასევე ეტაპობრივად გამოცხადდება ტენდერები.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზუგდიდის ცხრა ქუჩაზე სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემები, რაც მოსახლეობას საშუალებას მისცემს, განახლებული და კომფორტული გზებით გადაადგილდნენ ქალაქის მასშტაბით.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 ობიექტზე მიმდინარეობს, რომელთა ჯამური ღირებულება 59.3 მლნ ლარია. 10 ობიექტზე სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს რომელთა ჯამური ღირებულება 42.2 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო 17 ობიექტზე წლის განმავლობაში ტენდერი გამოცხადდება და სამუშაოები დაიწყება. 2018 წელს კი, სამეგრელო-ზემო სვანეთს რეგიონში 27 პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც რეაბილიტირდა 37 კმ მდე გზა, ჯამური ღირებულებით 65 628 მლნ. ლარი.