ზუგდიდში ქალთა ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შეხვდა
ზუგდიდში გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისათვის“ ორგანიზებით მიმდინარე ფორუმის წევრებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი შეხვდა.
მისი თქმით, სამეგრელოს უდიდესი პოტენციალი აქვს ტურიზმის სფეროში და მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორში მეტი ქალბატონის ჩართულობა. ფორუმში 100-მდე ადგილობრივი მეწარმე, ფერმერი ქალბატონი მონაწილეობს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელებმა უპასუხეს მათ შეკითხვებს.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, ორდღიანი ფორუმის მიზანია, ხელი შეუწყოს ქალთა ეკონომიკურ საქმიანობას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. ფორუმის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში ქალების ჩართულობისა და შესაძლებლობების განხილვას დაეთმობა. ქალ მეწარმეებს საშუალება ექნებათ, საქმიანობის გაფართოებისთვის საჭირო კონსულტაციები თუ რჩევები მიიღონ და ტურიზმისა და მარკეტინგის ექსპერტებთან, რომლებსაც სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესის განვითარების პერსპექტიული ხედვები აქვთ, სამომავლო კონტაქტი დაამყარონ. ექსპერტებისა და ქალი მეწარმეების სამომავლო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული ბიზნესების, ისე რეგიონული ტურიზმის განვითარებას.
ღონისძიების მიმდინარეობისას წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია ქალებისთვის ხელმისაწვდომი ტრენინგების, საგრანტო პროგრამების, განათლების მიღებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.
ფორუმის მთავარი გზავნილია – „გააძლიერე შენი ბიზნესი ქალთა გაძლიერებით“, რომელიც გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კამპანიისთვის შეარჩია, მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი ქალებისა და დამწყები ქალი მეწარმეების კავშირების გაუმჯობესებას კერძო სექტორსა და ბიზნესასოციაციებთან.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პირველი ორი რეგიონული ფორუმი ქუთაისსა და ბათუმში გაიმართა.