ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით აქცია იმართება
ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით აქცია იმართება

ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით აქცია იმართება. აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ პარტიის წევრი ანა წითლიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია, ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა,  ასევე – სენაკში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი კობა ნაყოფია, რომლებმაც შეკრებილებს 30 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლისა და მათი მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

„ხმა მომეცით. 30-ში მოდით. ნუ შეგეშინდებათ ამათი. ზეწოლას უარი. ერთად დავდგეთ, ჩემი გუნდი თქვენს ხმებს სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე დაიცავს. მინდა, საქართველო გამარჯვებული და გაბრწყინებული ვნახო. ვიქნები ყველა თქვენგანის მეგობარი მერი. ჩემი ტელეფონი, როგორც ექიმ ანზორ მელიას ტელეფონი, მუდმივად ჩართულია, ისე იქნება, მერის ტელეფონიც ჩართული“, – განაცხადა ანზორ მელიამ.

აქციაზე რამდენიმე სიმღერა შეასრულეს მერაბ სეფაშვილმა და ლექს-სენმა.

აქციაზე წაიკითხეს პატიმრობაში მყოფი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილიც.

„როდესაც დავბრუნდი საქართველოში, პირველად ჩემს დედულეთში, ჩემი სამარგალოს ჰაერი ჩავისუნთქე. ეს იყო ნისლიანი ჰაერი პალიასტომის ტბისა, ჰაერი ჯადოსნურად ლურჯი ტობა ვარჩხილის, ჰაერი მაცოცხლებელი ლუგელასი, ჰაერი ხიბულასი, რომელმაც გულში ჩაიკრა ჩვენი პირველი პრეზიდენტი. ჰაერი გოროზი ნოქალაქევის, ჰაერი დიდი კონსტანტინეს პატარა აბაშის და რა თქმა უნდა, ჰაერი ჩემი საყვარელი ანაკლიის და ლეგენდარული რუხის ციხის. ჰაერი იმ მხარის, სადაც ყოველი კუთხე-კუნჭული ფეხით ბევრჯერ მაქვს შემოვლილი.

თავისუფლების ეს ჰაერი ჩემი ციხის დაბურულ ფანჯარაშიც კი აღწევს. ის მოქრის ჩემი საყვარელი ჩელას მხარიდან, ყოველთვის მაოცებდა ამ მხარის უძველესი კოლხეთის და მისი ხალხის სილამაზე და სიმამაცე. და უკვე მერამდენედ, საქართველოს გათავისუფლება სამეგრელოდან იწყება.

იცით ამ ჰაერს კიდევ რა ჰქვია?! ეს თავისუფლების ჰაერია. ზუსტად ვიცი, რომ თქვენ იქნებით იმ კოლონის სათავეში, რომელიც სრულიად საქართველოს გაათავისუფლებს და გამათავისუფლებს მეც. კანონზომიერია, რომ პირველებმა სწორედ თქვენ ჩაუშალეთ ამ მოძალადე მთავრობას მცდელობა მხედრიონის ტიპის სადამსჯელო ოპერაცია ჩაეტარებინა სამეგრელოში. პირველებმა თქვენმა პოლიციელებმა ამოიღეს ხმა.

მე ვარ პუტინის პირადი პატიმარი, ვინაიდან მინდოდა ლაზიკა, მინდოდა მდიდარი საქართველო, მინდოდა, მომეცა თქვენთვის წარმატება და მომავალი. ლაზიკა აუცილებლად აშენდება. ჩემი ოცნების ქალაქი როგორც ზუგდიდის გაგრძელება, რაც პირეოსია ათენისთვის, როგორც დუბაი და სინგაპური, საქართველოა კავკასიის და მთელი შავიზღვისპირეთისთვის რეგიონის მთავარი ცენტრი, სადაც მინიმალური ხელფასი იქნება 1000 დოლარი.

მე თქვენებური ვარ და როდესაც საკუთარი ნებით შევდიოდი პუტინის და ივანიშვილის ციხეში, კარგად მახსოვდა, რომ ჩვენ ცოტნე დადიანის შთამომავლები ვართ და ცოტნე დადიანის სისხლი გვიდუღს ძარღვებში. გეხვევით ყველას, მიყვარხართ. ძალიან მალე შეხვედრამდე გამარჯვებულ საქართველოს დედაქალაქში, აბა ულა!“ – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.