ზუგდიდში მერიის კეთილმოწყობის ცენტრის თანამშრომლები აქციას მართავენ
ზუგდიდში, მერიის კეთილმოწყობის ცენტრის 200-მდე თანამშრომელი მოსალოდნელ შემცირებას აპროტესტებს.
როგორც ისინი აცხადებენ, ინფორმაცია აქვთ შტატების შემცირების თაობაზე . შეკრებილებს ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა ესაუბრა. ნანავა აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს.
„ამაზე საუბარი არ ყოფილა, მოვედი, რომ გავსაუბრებოდი ამ ხალხს და ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა აზრები. ახალი უფროსი ჰყავთ და ჭორებს აყვნენ, თითქოს მოხდება მათი გაშვება“,- განაცხადა მაიზერ ნანავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
კეთილმოწყობის ცენტრის სამსახურის უფროსის მოადგილის, მამუკა ციმინტიას თქმით კი, შტატები გაბერილია, თუმცა ჯერჯერობით არაფერია გარკვეული.
„არ ვიცით ჯერ არაფერი. ყველა ამბობდა ქალაქში და მათ შორის თქვენც, ჟურნალისტებიც, რომ შტატები გაბერილია და ვნახოთ, არ ვიცი, რა და როგორ მოხდება, ვინ წავა, არაფერი არ არის ჯერ გარკვეული“, – განაცხადა მამუკა ციმინტიამ.
ზუგდიდის კეთილმოწყობის ცენტრს თებერვლიდან ახალი უფროსი ჰყავს. ნოე პერტაია ამ თანამდებობაზე მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის რეაგირებისა და მონიტორინგის დეპარტამენტს ყოფილმა ხელმძღვანელმა, დიმიტრი ფაცაციამ შეცვალა. დღეს აქციაზე მუშებთან ფაცაცია არ გამოჩენილა.
ზუგდიდის მერიის კეთილმოწყობის ცენტრში ამ დროისთვის 250-მდე თანამშრომელი მუშაობს.