ზუგდიდში კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის 25 კონტაქტი, მათ შორის 15 არასრულწლოვანი, კარანტინშია გადაყვანილი
ზუგდიდში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 42 წლის მამაკაცის კლასტერის 25 კონტაქტი კარანტინში გადაიყვანეს. მათ შორის 15 არასრულწლოვანია.
მათი საკარანტინო ზონაში გადაყვანა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ინფიცირებული მამაკაცის დედას და ორ შვილს „კოვიდ-19“ დაუდგინდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, ღრმა ეპიდკვლევა მიმდინარეობს, მათ შორის იმ ქალაქებში, სადაც 4-დან 7 მაისის ჩათვლით მამაკაცმა შიდა გადაზიდვები განახორციელა. ამ პერიოდში ინფიცირებული მძღოლი ზუგდიდში, ფოთში, თბილისში, მარნეულში, მესტიასა და რუსთავში იმყოფებოდა.
ინფიცირებული მამაკაცის ოჯახის წევრები, ანუ სამივე დადასტურებული შემთხვევა მკურნალობას რუხის კლინიკაში განაგრძობს, ინფიცირებული მძღოლი კი თბილისში გადაიყვანეს.