ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოში კორონავირუსზე 56 ადამიანის კვლევა ჩატარდა, მათგან ორის პასუხი დადებითია. ინფიცირებულები არიან ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი, ერთი ოჯახიდან. ისინი 42 წლის ინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცის ახლო ნათესავები არიან. ორივე მათგანი ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში გუშინ გადაიყვანეს.
მანამდე, ზუგდიდელი მამაკაცის ოჯახის სამ წევრს დაუდასტურდა კორონავირუსი – დედას და ორ მცირეწლოვან შვილს. ინფიცირებული მამაკაცი რუხის საავადმყოფოდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. დანარჩენები მკურნალობას რუხის საავადმყოფოში აგრძელებენ.
რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ ორ ახალ პაციენტს, მათ საკარანტინო სივრციდან რუხის საავადმყოფოში ამაღამ გადაიყვანენ.
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღის განმავლობაში კორონავირუსზე 56 ადამიანის ბიოლოგიური მასალის კვლევა ჩატარდა. 52 პაციენტის პასუხი უარყოფითია, ორს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, ორის პასუხი კი ხვალ გახდება ცნობილი.