ზუგდიდში კორონავირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებული პირი 60 წლამდე ასაკის მძღოლია
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდში კორონავირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა.
ცენტრის ცნობით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 292 ტესტი ჩატარდა. მათ შორის, ცხელების ცენტრის პაციენტი იყო 19, მედპერსონალი 18, კარანტინში მყოფი ცხრა, შსს თანამშრომელი 240 (ძირითადად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები), დიალიზზე მყოფი პირი ერთი, მძღოლი ხუთი. ტესტირების შედეგად, 291 უარყოფითი პასუხია და ერთი დადებითი.
კორონავირუსი დაუდასტურდა მძღოლს, რომელიც რუხის კლინიკაში მკურნალობდა. ის არის 60 წლამდე ასაკის მამაკაცი შიდა ქართლიდან, რომელიც ზუგდიდში იმყოფებოდა. მოკვლეულია მისი ორი კონტაქტი. ისინი გადაყვანილი არიან კარანტინში.