ზუგდიდში კოლხური ღვინის ფესტივალი „დია“ მიმდინარეობს
13:53, 24.11.2019
ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე კოლხური ღვინის ფესტივალი „დია“ მიმდინარეობს. კოლხური ღვინის პირველ ფესტივალზე კოლხური ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების პრეზენტაცია და დეგუსტაცია ხდება. ფესტივალზე წარმოდგენილია ღვინის კომპანიებისა და საოჯახო მარნების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ღვინო მთელი საქართველოდან.
ფესტივალში მეღვინეებთან ერთად მონაწილეობენ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლები. აგრო სივრცეში წარმოდგენილია მეწარმეების და ფერმერების პროდუქცია და მათი გამოფენა-გაყიდვა. ცალკეა წარმოდგენილი ჩაის კუთხე.
განსაკუთრებული ადგილი დაეთმო იტალიელი მოგზაურის კრისტოფორო დე კასტელის ნამუშევრების გამოფენას, რომელიც მე-17 საუკუნის სამეგრელოს ყოფას ასახავს. პალერმოს ბიბლიოთეკამ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს კასტელის მასალების სრული ელექტრონული ვერსია გადასცა.
ART სივრცეში წარმოდგენილია ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები, სხვადასხვა სახეობის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
ფესტივალის მიზანია კოლხური ღვინის პოპულარიზაცია და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა. ფესტივალის სიმბოლო სამეგრელოში გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძველი წელთაღრიცხვით VIII-VII საუკუნეებით დათარიღებული სკულპტურაა, სადაც ცხენზე ამხედრებულ ქალს ერთ ხელში ყანწი მეორეში კი ჩვილი უჭირავს.