ზუგდიდში ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგეს
ზუგდიდში ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა, დავით ვერავამ და დავით კუხალეიშვილმა, ზუგდიდის მერთან, მამუკა წოწერიასთან, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებთან ერთად, დამოუკიდებლობის აღდგენის მემორანდუმის დღესა და ზვიდ გამსახურდის დაბადების დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პირველი პრეზიდენტის ბიუსტი გვირგვინით შეამკეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგეს მისმა თანამოაზრეებმა და თანამებრძოლებმაც.

„33 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“

რეფერენდუმის შედეგები საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი გახდა და 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა! საქართველოს პირველ პრეზიდენტს, მწერალს, მთარგმნელს, დისიდენტს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს ეროვნულ გმირს, ზვიად გამსახურდიას 85 წელი შეუსრულდებოდა.

ზვიად გამსახურდიას 85 წლისთავი რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში აღნიშნეს“, – აღნიშნულია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.