ზუგდიდში გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ორდღიან ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობენ
ზუგდიდში, გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ორდღიან ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობენ.
ფორუმი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ეკონომიკურ საქმიანობაში ქალების გაძლიერებასა და აქტიურ ჩართულობას ემსახურება.
შეკრებილებს სიტყვით მიმართეს გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ხელმძღვანელმა, იენი რატილაინენმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, მალხაზ თორიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ.
ორდღიანი ფორუმის მიზანია, ხელი შეუწყოს ქალთა ეკონომიკურ საქმიანობას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. ფორუმის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში ქალების ჩართულობისა და შესაძლებლობების განხილვას დაეთმობა. ქალ მეწარმეებს საშუალება ექნებათ, საქმიანობის გაფართოებისთვის საჭირო კონსულტაციები თუ რჩევები მიიღონ და ტურიზმისა და მარკეტინგის ექსპერტებთან, რომლებსაც სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესის განვითარების პერსპექტიული ხედვები აქვთ, სამომავლო კონტაქტი დაამყარონ. ექსპერტებისა და ქალი მეწარმეების სამომავლო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული ბიზნესების, ისე რეგიონული ტურიზმის განვითარებას. ღონისძიების მიმდინარეობისას წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია ქალებისთვის ხელმისაწვდომი ტრენინგების, საგრანტო პროგრამების, განათლების მიღებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.
ფორუმის მთავარი გზავნილია – „გააძლიერე შენი ბიზნესი ქალთა გაძლიერებით“, რომელიც გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კამპანიისთვის შეარჩია, მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი ქალებისა და დამწყები ქალი მეწარმეების კავშირების გაუმჯობესებას კერძო სექტორსა და ბიზნესასოციაციებთან. კამპანია ეყრდნობა ქალთა გაძლიერების პრინციპებს.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პირველი ორი რეგიონული ფორუმი ქუთაისსა და ბათუმში გაიმართა. ზუგდიდში ფორუმს 100-ზე მეტი ქალი ფერმერი და მეწარმე ესწრება.